სხვა

17:11 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია - გზა უძლეველობისკენ

ლეგენდას (La Leyenda) სახელი შეიცვალა, თუმცა El Matador-ი თავად ლეგენდაა. UFC-ის ისტორიაში ილია თოფურია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუმარცხებელი და მასშტაბური ფიგურაა. მისი კარიერა არ არის უბრალოდ სპორტული პროგრესი - ეს არის მაგალითი იმისა, როგორ იქმნება ჩემპიონი განწყობით, თავგანწირვითა და მტკიცე ხასიათით. თოფურია არ არის მორიგი ჩემპიონი, რომელიც უბრალოდ დროს ატარებს ოქტაგონში - ის ახალი ერაა.

17 ბრძოლა და 17 გამარჯვება - ეს მხოლოდ ციფრები არ არის, თითოოეული ბრძოლის უკან დიდი შრომაა ჩადებული. გამარჯვებათა სერია იზრდება და დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბიჭი რუსთავიდან შეუჩერებელია და ჟარგონულად რომ ვთქვათ მისი მომგები, ჯერ არ გამოჩენილა.

7 ნოკაუტი, 8 საბმიშენი, 2 გადაწყვეტილებით - ზედიზედ 9 მოგებული ბრძოლა UFC-ში.

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

1997 წლის 21 იანვარს დაბადებული ბიჭის ისტორია გერმანიიდან იწყება, თუმცა მისი ოჯახი წარმოშობით საქართველოდან - აფხაზეთიდანაა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაბრუნდა საქართველოში, სადაც საბრძოლო ხელოვნებასთან პირველი შეხება ჰქონდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სცადა ბედი, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმ დისციპლინას და მებრძოლ სულს, რომელიც დღემდე მიჰყვება.

თინეიჯერობისას თოფურიას ოჯახი ესპანეთში გადასახლდა. იქ კი დაიწყო მისი სერიოზული მომზადება MMA-ში. ილია შეუერთდა Alicante-ში მდებარე Climent Club-ს, სადაც დაიწყო ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში ვარჯიში და მალევე აიღო შავი ქამარიც - რაც ევროპაში გაზრდილი მებრძოლისთვის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იშვიათობაა.

პროფესიონალური სტარტი

ილიასთვის პროფესიონალური MMA-ს კარიერა 2015 წელს იწყება. მან ყურაღება გამოჩენისთანავე მიიქცია. სისწრაფე და სუბმიშენი მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ზედიზედ მოიგო რამდენიმე ბრძოლა ევრაზიულ არენაზე და მალე თავი გამოიჩინა ისე, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ მასთან კონტრაქტის გაფორმება მოისურვა.

თუმცა ილია არ ჩქარობდა. თანმიმდევრული განვითარება ის გზა იყო, რომელიც ქართველმა მებრძოლმა აირჩია და პირველ რიგში Brave CF-ში და შემდეგ უკვე UFC-ში ვიხილეთ.

UFC-ში აფეთქება

თოფურიას UFC-ში დებიუტი 2020 წელს შედგა, მან გამოწვევა მიიღო და შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. სხვისთვის ეს გამოწვევა შესაძლოა დამაზიანებელი ყოფილიყო, ილიას შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, ის თავად გახდა სხვების დამაზიანებელი.

დებიუტი

დებიუტში ქართველმა იოსეფ ზალალი დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ახალი სახე სულაც არ ნიშნავს დაუცველს. მეტიც ამ გამარჯვებით მან საფუძველი იმ ლეგენდას ჩაუყარა, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ.

შემდეგ წლებში ზედიზედ დაამარცხა ისეთი მებრძოლები, როგორებიც იყვნენ:

დეიმონ ჯექსონი - ნოკაუტით, რაიან ჰალი, ბრაის მიტჩელი, ჯოშ ემეტი - სირთულეებით სავსე ორთაბრძოლაში, რომელშიც თოფურიამ მთელი 5 რაუნდი უპირატესობა მეტოქეს არ დაუთმო.

ჩემპიონობა: გზა მწვერვალამდე

ილია თოფურიამ მსოფლიოს ყურადღება საბოლოოდ მაშინ მიიქცია, როდესაც 2024 წლის თებერვალში UFC 298-ზე მოქმედი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ეს იყო არამარტო გამარჯვება, არამედ ძალაუფლების დემონსტრირება - მეორე რაუნდში ნოკაუტი მტკიცედ და ამით თქვა, რომ ქვემსუბუქ წონაში მისი დამარცხება მარტივი არავისთვის იქნებოდა. ამ გამარჯვებით თოფურია გახდა პირველი ქართველი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC ჩემპიონი — ფაქტობრივად, ორ ქვეყანას აჩუქა ისტორიული ტიტული.

მიღწეულზე არ გაჩერებულა, მან მოპოვებული საჩემპიონო ქამარი 2024 წლის ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან დაიცვა და თავისი სიტყვა ხმამაღლა კიდევ ერთხელ თქვა. ამ ტიტულის დაცვით ერთი ისტორია დასრულდა, რადგან თოფურიამ 65 კილოგრამის დატოვება გადაწყვიტა და 70 კილოგრამში აინაცვლა, სადაც ახალი მოლოდინები, ახალი გამოწვევები და ახალი მეტოქეები ელოდებოდნენ.

დომინაცია მსუბუქ წონაშიც

თოფურიამ მსუბუქ წონაში (lightweight) პირველი ბრძოლა ჩაატარა და ყოფილ ჩემპიონ ჩარლზ ოლივეირას დაუყოვნებლივ შეუტია. ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა და მატადორმა ბრაზილიელს ფიქრის და მოქმედების საშუალება არ მისცა. მძიმე დარტყმებით ილიამ ყველაფერი 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში (2:27) გადაწყვიტა და ახალი წონის ჩემპიონობა ნოკაუტით აღნიშნა. ეს ბრძოლა უბრალოდ კლასიკური მაგალითი იყო მისი ძალის დემონსტრირების, თავდაჯერებულობის და მიზნისკენ სწრაფვის, რადგან მან დაამტკიცა, რომ მეტოქეებს ყოველთვის ერთი თავით აღემატება.

ამ გამარჯვებით თოფურია შევიდა იმ იშვიათ მებრძოლთა შორის, ვინც ერთდროულად ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა შეძლო. ბევრისთვის ეს მაკგრეგორის შემდეგ ყველაზე ხმაურიანი ტრიუმფი იყო.

ცნობისთვის, აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.

ილია თოფურია დღეს

დღეს ილია თოფურია რჩება დაუმარცხებელ მებრძოლად, რომელმაც ყველა ბრძოლა დაასრულა დამაჯერებლად - უმრავლესობა ნოკაუტით ან საბმიშენით. გარდა უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობებისა, ილია გამოირჩევა იმითაც, რომ ბრძოლაში ყოველთვის აბსოლუტურად თავდაჯერებულია - მისი ფსიქოლოგიური მზადყოფნა მეტოქეებს აშინებს მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყება.

ის არის მებრძოლი, რომელიც არ თამაშობს არც ოქტაგონზე და არც მის გარეთ. თანამედროვე UFC-ში თავისი ქცევით, მანერით და ღირსებით ილია იშვიათი ფენომენია. მებრძოლი, რომელიც არ ქმნის სკანდალს, არამედ უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს ყველაზე მაღალ დონეზე. უბრალო ადამიანობიდან ჩემპიონობამდე - ილიას უნარებმა, შრომამ და სიჯიუტემ ის მწვერვალამდე აიყვანა - და, როგორც ჩანს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

შედარებები — თოფურია VS სხვა ვარსკვლავები

თოფურია & ხაბიბ ნურმაგომედოვი - ორივე დაუმარცხებელი იყო კარიერის განმავლობაში.

ორივე მიწაზე ბრძოლაში ბრწყინავს, მაგრამ თოფურია გაცილებით მრავალფეროვანი სტრაიკერია.

ხაბიბს ჰქონდა დომინანტური "grappling-first" სტილი, ილიას კი ბალანსი აქვს: ძლიერი სტრაიკინგი + დახვეწილი სუბმიშენები. ილია ნოკაუტებით ამთავრებს, ხაბიბი კი უმეტეს შემთხვევაში მეტოქეებს მთელი 5 რაუნდი ებრძოდა.

თოფურია & კონორ მაკგრეგორი - ორი განსხვავებული სტილი, ერთი მიზანი

ილია თოფურია და კონორ მაკგრეგორი ორ სხვადასხვა ეპოქასა და ხასიათს წარმოადგენენ, მაგრამ ორივე მებრძოლი ერთნაირად გავლენიანია MMA-ის განვითარებისთვის. თითოეულმა თავისებურად შექმნა ისტორია - ერთმა ხმაურით, მეორემ ქმედებით.

ორივე გახდა ჩემპიონი Featherweight-ში, შემდეგ გადავიდნენ Lightweight-ში. ორივეს აქვს დაუვიწყარი ნოკაუტები, თუმცა, კონორი მეტწილად მარცხენა სტრაიკერია, ხოლო ილია ტექნიკურად უფრო გაწონასწორებული და კომპლექსურია.

თოფურია იშვიათად იყენებს Trash Talk-ს - მისი სიძლიერე უფრო სიჩუმეა და მებრძოლური დისციპლინა. კონორი ბევრისთვის შოუა, ილია – შედეგი.

სცენაზე შემოსვლა

კონორი შოუს ქმნის სიტყვებით, ილია კი აურას ქმნის სიჩუმით. ორივე როცა გამოდის, გრძნობ, რომ „რაღაც განსაკუთრებული იწყება.

მაკგრეგორმა UFC გლობალურ ბრენდად აქცია. ის MMA-ის სამყაროში იყო სპორტსმენზე მეტი. მისი ენერგია ახალგაზრდა თაობისთვის დღემდე შთაგონებაა.

თოფურია დისციპლინირებული, სუფთა სპორტული არქეტიპია. ის ნამდვილი მებრძოლია, რომლის სტილი დღევანდელ სპორტულ ეთიკას წარადგენს. გულშემატკივრებისთვის კი კონცენტრაციის, თავმდაბლობის და ფოკუსის მაგალითია.

კონორ მაკგრეგორი იყო ქარიშხალი, რომელმაც კარი გაანგრია. ილია თოფურია არის სიჩუმის შტორმი, რომელიც ამ კარს დაკეტავს როგორც მმართველი.

თოფურია & ალექსანდერ ვოლკანოვსკი

ვოლკანოვსკი წლების განმავლობაში Featherweight-ის მეფე იყო, მაგრამ თოფურიამ ის ნოკაუტით დაამარცხა. ორივე ძლიერი ტაქტიკოსია, თუმცა თოფურია ნაკლებ დინამიკურად ჩანს, მაგრამ გაცილებით ეფექტურად ახორციელებს დარტყმებს.

ვოლკანოვსკი ბევრს მუშაობდა ძალითა და კარდიოთი, თოფურია - მიზანმიმართულებითა და რინგის ინტელექტით. ვოლკანოვსკი ციკლურ პროცესებს ეყრდნობოდა, თოფურია – გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტეს.

რას ამბობენ სხვები თოფურიაზე?

დანა უაითი (UFC პრეზიდენტი):

„ილია არის ის, ვინც ყველაფერს სწორად აკეთებს. მას არ სჭირდება ბევრი ლაპარაკი - ის უბრალოდ გაგანადგურებს ოქტაგონზე.“

მაიკლ ჩენდლერი:

„ის ყველაზე სუფთა ტექნიკით მოქმედებს. თითქოს წონის მიუხედავად, ყველასთან პოულობს გზას გამარჯვებისთვის.“

ჯო როგანი (კომენტატორი):

„თოფურია ისეთი ტიპია, რომელსაც უყურებ და ხვდები - ეს ბიჭი ჩემპიონი იქნება, უბრალოდ დროის ამბავია.“

ხაბიბ ნურმაგომედოვი:

„ის შრომობს იმ დისციპლინით, რაც ჩემპიონებს ქმნის. უყვარს საქმე და არ თამაშობს პუბლიკასთან.“

ილია თოფურია დღეს არის არა უბრალოდ ჩემპიონი, არამედ ის თანამედროვე MMA-ის ახალი სტანდარტია. ტექნიკური სიზუსტე, მორალური სიმტკიცე და გამორჩეული პროფესიონალიზმი - სწორედ ეს აყალიბებს მას როგორც საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მებრძოლს. იგი არ ითხოვს პატივისცემას - უბრალოდ იღებს მას.

ვინ იქნება შემდეგი? ამას მალე გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია - ილიასთან დაპირისპირება ნებისმიერი მებრძოლისთვის რთული გამოწვევაა.

სპორტსმენები მიდიან და მოდიან. ჩემპიონები იმარჯვებენ და მარცხდებიან. მაგრამ იშვიათია ისეთი ფიგურები, რომლებიც არამხოლოდ ისტორიის ნაწილი ხდებიან, არამედ თავად წერენ მას. ილია თოფურია ერთ-ერთი მათგანია. მებრძოლი, რომელმაც დაამტკიცა, რომ წყნარი თავდაჭერილობა უფრო საშიშია, ვიდრე ხმაურიანი მუქარა. სწორედ ამ სიმშვიდეში ყალიბდება მემკვიდრეობა. და თუ ოდესმე დაგავიწყდებათ, როგორ ხდება ადამიანი გმირი, ილია თოფურია გაიხსენეთ...

0.096958