„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა ლუის ენრიკეზეც, რომლის ხელმძღვანელობით „ბარსელონაში“ თამაშობდა. არგენტინელი აღიარებს პსჟ-ს სიძლიერეს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი უშანსოდაა.
„ლუის ენრიკე, ალბათ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შესანიშნავი მწვრთნელია, რაც დადასტურდა, იქნება ეს „ბარსელონაში“, პსჟ-ში თუ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მას დიდი გამოცდილება აქვს. ის ჩემი მეგობარია, გვაქვს ურთიერთობა, რომელიც ფეხბურთს სცდება. მოხარული ვარ, რომ ისევ ვნახე. „ბარსამდე“ მას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მან ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, საუკეთესო შთაბეჭდილება დამიტოვა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
უნიკალური ძალის მქონე მეტოქეს დავუპირისპირდებით, მსოფლიოში საუკეთესოს, მაგრამ რატომ არ უნდა ვითამაშოთ საუკეთესო თამაში და მივაღწიოთ იდეალურ შედეგს? რა თქმა უნდა, უფრო სუსტი გუნდი ვართ, თუმცა ვიბრძოლებთ, მოედანზე დამარცხებულები არ გავალთ. არსებობს შანსი და შესაძლებელია, მოვიგოთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ წინასწარ ყველაფერი გადაწყვეტილია, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენც გვაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, მათ მსგავსად. ყველაზე მნიშვნელოვანია საუკეთესო შესაძლო მატჩის ჩატარება. გვაქვს შესაძლებლობა ვითამაშოთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც უზარმაზარი ენერგია აქვს, მაგრამ ისინი სრულყოფილები არ არიან. თუ შეგვიძლია მათი შეწუხება, მოდი, გავაკეთოთ ეს. მოდი, გამოვიყენოთ ის მცირე შესაძლებლობები, რაც გვაქვს მათ დასამარცხებლად“, - თქვა მასკერანომ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ინტერი მაიამის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.