საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ინგლისური, გერმანული და იტალიური კლუბები იჩენენ.
TEAMtalk-ის ჟურნალისტის, რუდი გალეტის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელზე ბოლოს ინფორმაცია „ნოტინგემ ფორესტმა“, „რომამ“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გამოითხოვეს.
ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ გუნდები დაინტერესებული არიან. გალეტის ცნობით, სხვა კლუბებიც იჩენენ ინტერესს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მომდევნო სეზონში „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, „რომა“ ევროპა ლიგაზე, ხოლო „ნოტინგემი“ კონფერენს ლიგაზე.
პარალელურად, „ლიონი“, რომელსაც აპელაცია შეტანილი აქვს და ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ ლიგა 1-ში დარჩება, მიქაუტაძის ფასზე მტკიცე აზრისაა: ფრანგული კლუბი ქართველ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც დაინტერესებულმა კლუბებმა უნდა შესთავაზონ. ცნობისთვის, ერთი წლის წინ „მეცისგან“ ის 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს.
„ლიონში“ მიქაუტაძის მომავალი დიდწილად დამოკიდებული იქნება აპელაციის შედეგზე და იმაზე, თუ რომელ ლიგაში ითამაშებს ფრანგული კლუბი მომდევნო სეზონში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი.