მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. გერმანულმა გუნდმა „ფლამენგოს“ დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე აჯობა.
„ფლამენგოსთვის“ მატჩის სტარტი კოშმარული გამოდგა, რადგან საწყის 10 წუთში ორი გოლი გაუშვა. ჯერ ერიკ პულგარმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ხოლო შემდეგ ჰარი კეინმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
თუმცა, ბრაზილიური კლუბი ცუდად მაინც არ თამაშობდა, მომენტებს ქმნიდა და პირველივე ტაიმში სხვაობა შეამცირა. ჟერსონმა ძალიან ძლიერი დარტყმით გაიტანა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს ლეონ გორეცკამ შორეული დარტყმით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
ფელიპე ლუისის გუნდმა გააგრძელა ბრძოლა და მეორე ტაიმის დასაწყისში ჟორჟინიომ პენალტით კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა. თუმცა, როგორც ვთქვით, კლასში სხვაობა იგრძნობოდა და „ბაიერნმა“ მეტოქის ყველა სერიოზული შეცდომა გამოიყენა. ასე იყო 73-ე წუთზეც, როცა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და მატჩს ინტრიგა მოუკლა.
„ბაიერნმა“ 4:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 5 ივლისს, „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
„ფლამენგო“ – „ბაიერნი“ 2:4 (1:3)
გოლები: 0:1 პულგარი (6, ა.გ), 0:2 კეინი (9), 1:2 ჟერსონი (33), 1:3 გორეცკა (41), 2:3 ჟორჟინიო (54, პენ), 2:4 კეინი (73)