საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც ქართველი კალათბურთელი "ვირტუს ბოლონიას" ემოცირად დაემშვიდობა.
"ძვირფასო ბოლონიელებო და "ვირტუსის" გულშემატკივრებო, ცხოვრებაში არის ეტაპები, რომლებიც მუდამ რჩებიან და ეს ერთ-ერთი მათგანია. როდესაც პირველად ბოლონიაში ჩამოვედი, არვიცოდი რა მელოდა. თუმცა რაც აქ დამხვდა, გაცილებით მეტია, ვიდრე კალათბურთი. ვიპოვე ქალაქი, რომელმაც მიმიღო. კლუბი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და ქომაგები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. ეს ქალაქი, ეს კლუბი და გულშემატკივარი ჩემი შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, როგორც აღმასვლა, ისე დაცემა, ეს ყველაფერი კი ამ ყოველივეს განსაკუთრებულს ხდის. აქ გუნდისთვის ყველაფერი გავიღე, რაც კი შემეძლო. ჩემი გული, სული და ენერგიის უმცირესი ნაწილიც კი. მადლობა ბოლონია, რაც ერთად გავიარეთ, ყოველთვის მემახსოვრება. ეს დამშვიდობება არ არის, უბრალოდ მომავალ შეხვედრამდე. სიყვარულით თქვენი თოკო." - ნათქვამია ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია "ვირტუსის" ღირსებას 2022 წლიდან იცავდა, ქართველი კალათბურთელისთვის 2024-2025 წელი წარმატებული აღმოჩნდა, მან ბოლონიურ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, რაშიც შენგელიას წვლილი ძალიან დიდი იყო. ქართველი კალათბურთელი ფინალური სერიის MVP გახდა.
ცნობისთვის, თორნიკე შენგელია კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად "ვირტუსის" პრეზიდენტმაც დაადასტურა.