„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალ ფორმატზე ისაუბრა და იურგენ კლოპის კრიტიკას გამოეხმაურა.
კლოპმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვა, რომ ეს ტურნირი ფეხბურთში განხორციელებული ყველაზე ცუდი იდეაა. თუმცა, პეპი გერმანელს არ ეთანხმება:
„მესმის კლოპის, ჩვენ ხშირად ერთად გვიბრძოლია უფრო ადამიანური კალენდრისთვის. რა თქმა უნდა, მინდა მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად ორი თვე მქონდეს, მაგრამ რეალობა ასეთია. ბევრი გუნდი წუწუნებს, მაგრამ ისეთი გუნდები, რომლებიც ამ ტურნირზე არ თამაშობენ და აქ რომ ყოფილიყვნენ, ბედნიერები იქნებოდნენ. ჩვენთვის აქ ყოფნა პატივია და გვინდა ბოლომდე მივიდეთ.
არ ვიცი, როგორ ვიქნებით ნოემბერში, დეკემბერში ან იანვარში. შესაძლოა, კატასტროფა იყოს და დავიღალოთ. პირველი შემთხვევაა, როცა ეს ტურნირი ტარდება და უნდა ვნახოთ, როგორ იმოქმედებს მომდევნო სეზონზე“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდება.