ფეხბურთი

16:18 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ძაკარდო: "იმედია, პსჟ "ნაპოლის" შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს"
"კლუბებმა ანდრია ბართიშვილს თვალი უნდა ადევნონ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა"

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შუამავალმა, კრისტიან ძაკარდომ Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა. მან ასევე დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპულმა კლუბებმა მათ თვალი უნდა ადევნონ.

"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დროს რეკომენდაცია გავუწიე, შემდეგ კლუბის გარემოცვასა და აგენტს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ზამთარში პსჟ-ში გადავიდა და მალევე გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რომლის მთავარი შემოქმედიც სწორედ ქართველი იყო. თავის მხრივ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა, ასე, რომ ყველასთვის წარმატებული წელი გამოვიდა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში "ნაპოლი"-"პარი სენ-ჟერმენს" შეხვდება, რადგან ხვიჩამ ნაპოლიში დაბრუნება და ნეაპოლიტანელი ხალხის აპლოდისმენტები მიიღოს - ამას იმსახურებს. ის სერიოზული ბიჭია და "ნაპოლის" გულშემატკივარი დღემდე უყვარს.

ვინ შეიძლება გახდეს ახალი "კვარა"? ბევრი კარგი მოთამაშეა. მაგალითად, დავითაშვილი „სენტ-ეტიენიდან“. ის კარგი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში ძალიან კარგად ითამაშა. უნდა აღვნიშნო კვერნაძის პროგრესი, რომელიც "ფროზინონეში" თამაშობს. მას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვაკვირდებოდი და მისი პროგრესი საგრძნობია. ასევე არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანდრია ბართიშვილი, ის 2009 წელს დაბადებულია, ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა ის ისეთი ნიჭიერია, რომ ვფიქრობ გუნდებს შეუძლიათ მას თვალი ადევნონ." - განაცხადა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-თან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მათი შემდეგი მეტოქე მიუხენის "ბაიერნი" იქნება, შეხვედრა 5 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092678