"ფლუმინენსეს" მთავარმა მწვრთნელმა რენატო პორტალუპიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში "ინტერთან" მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქე ფავორიტია, რადგან უფრო მეტი ფული აქვს.
„ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში დამოკიდებულება ფუნდამენტურია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისეთი გუნდი, როგორიც „ინტერია“, ფავორიტია, პირველ რიგში, ეკონომიკური მიზეზების დამსახურებაა: თუ ბაზარზე 1000 რიალით გახვალ, შეგიძლია იყიდო ის, რაც გინდა, თუ 100 რიალით, არჩევანი ნაკლები გექნება. ეს ცოტათი ჰგავს ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს, ევროპულ კლუბებს 1000 რიალი აქვთ, ჩვენ - 100.
ვიცით „ინტერის“ კლასი და ამის უარყოფა არ შეგვიძლია. ტაქტიკურად მეტოქე კარგად შევისწავლეთ და გასანეიტრალებლად მზად ვართ. ვიცით, რამდენად ძლიერები არიან ევროპული გუნდები, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე. ბევრი ამბობს, რომ ისინი ფავორიტები არიან, თუმცა მოედანზე შეიძლება სხვა რამ მოხდეს“, - თქვა პორტალუპიმ.
შეგახსენებთ, რომ „ფლუმინენსესა“ და „ინტერის“ მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.