კალათბურთი

19:09 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის გამარჯვებული ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახდა. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა ვსა-მ ფინალურ მატჩში აჭარის ნაკრები 57:50 (სტატისტიკა) დაამარცხა და B ლიგის ჩემპიონის ტიტულთან ერთად უმაღლესი (A ლიგის) საგზური მოიპოვა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და ემოციური გამოდგა. პირველი პერიოდი ვსა-მ მოიგო, თუმცა მეორეში ზღვისპირელებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა და მატჩის ბედი ბოლო ათწუთეულში, ვსა-ს სასარგებლოდ გადაწყდა. მთავარი მწვრთნელის, ლაშა ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით, აჭარელები ტიტულის მოგებას ცდილობდნენ, თუმცა ვსა-ს თავდადებულმა თამაშმა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდზე მოდის, B ლიგის ჩემპიონობა თბილისში დატოვა.

ვსა-ს დავით ჭუაძემ ულიდერა, რომელმაც 1 კვირის წინ, მართვესთან ნახევარფინალურ მატჩში მიმდინარე სეზონის პირველი და ერთადერთი ოთხმაგი დუბლი შეასრულა. მწირექულიან ფინალურ მატჩში ჭუაძემ 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ვსა-ს მეფარე დავით ჩხიტუნიძე, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. აჭარელთაგან 11 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ბაჩო ბალაძე.

მატჩის შემდეგ აჭარის ნაკრები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, ვსა-მ კი, რა თქმა უნდა, ოქროს მედლები ჩაიბარა. ჩემპიონ-პრიზიორი კალათბურთელები და მათი მწვრთნელები სუპერლიგის დირექტორმა და ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

ტურნირის მესამე საპრიზო ადგილი ვაკანტურია, რომლისთვისაც ერთმანეთს მართვე და თბილისი ბასკეტი, 30 ივნისს დაუპირისპირდებიან.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101431