იტალიურ „რომას“ „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს. როგორც ცნობილი გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, „ჯალოროსის“ სიაში სულაც პირველი ქართველი ფორვარდია.
„რომას“ ახალ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის შეტევის გაძლიერება სურს, ხოლო სპორტული დირექტორის, რიკი მასარას სიაში პირველი მიქაუტაძეა.
„გიორგი მიქაუტაძე პოლ-პოზიციაზეა: ტამი აბრაჰამი გუნდში აღარ არის და დღეიდან მომსვლელი ფეხბურთელების ბაზარი იწყებს ფორმირებას. სპორტულ დირექტორ რიკი მასარას ახლა უფრო მეტად შეეძლება ფიკუსირება მოახდინოს შესყიდვებზე, რათა გააძლიეროს გასპერინის გუნდი და შეავსოს ის პოზიციები, რომლებიც ღიაა. აბრაჰამის შემცვლელის ძებნა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მასარას სიაში ბევრი სახელია და მათ შორის, განსაკუთრებით საინტერესოა 24 წლის გიორგი მიქაუტაძე, „ლიონის“ ფორვარდი.
ფრანგული კლუბი ლიგა 2-ში დააქვეითეს ვალების გადაუხდელობის გამო. „ლიონმა“ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილდება თუ არა, სიტუაცია ფრანგებს აიძულებს თავიანთი ძვირფასი აქტივები გაყიდონ. „რომას“ სურს გამოიყენოს შესაძლებლობა და დაუბრუნდეს ბოლო თვეებში ძალიან პოპულარულ თავდამსხმელს, რომელიც ადრე 30 მილიონის ღირებულების გამო „რომასთვის“ მიუწვდომელი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება ფასი 20-მდე დაეცეს. „რომას“ სურს ამით ისარგებლოს“, - წერს იტალიური გაზეთი დღევანდელ ნომერში.
მანამდე ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლიონი“ ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 25 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი.