მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. ბოლო მერვედფინალური დაპირისპირება გამთენიისას გაიმართა, სადაც "დორტმუნდმა" მექსიკური "მონტერეი" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა გერმანელებმა აქტიურ ტემპში დაიწყეს და მე-14 წუთზე გირასის გოლით ანგარიში გახსნეს, ხოლო აქედან 10 წუთში გვინეელმა ფორვარდმა ადეიემის პასით დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეორე ნახევრის სტარტზე "მონტერეიმ" ანგარიშის შემცირება მოახერხა, თავი ბერტერამემ გამოიჩინა, თუმცა მექსიკელებს ეს თამაშის გადასარჩენად არ ეყოთ. საბოლოო ჯამში "დორტმუნდმა" 2:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში მადრიდის "რეალს" შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ჯობ და ჟუდ ბელინგემების დაპირისპირება არ შედგება, რადგან ჯობმა "მონტერეისთან" მატჩის 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ამრიგად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა ცნობილია: "ფულუმინენსე" - "ალ-ჰილალი", "პალმეირასი" - "ჩელსი", "პარი სენ-ჟერმენი" - "ბაიერნი", "რეალი" - "დორტმუნდი".
მეოთხედფინალური მატჩები 4 ივლისს დაიწყება, პირველი მატჩი "ფულუმინენსე" - "ალ-ჰილალი" შორის 23:00 საათზე გაიმართება.