ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალექსანდრე რუსიტაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლებს ვახტანგ ლოლუა და ანრი ხოზრევანიძე დაეუფლნენ.
72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს დაეუფლა ალექსანდრე რუსიტაშვილი, რომელმაც რუსი იან ზიანკო (3:0), ბულგარელი სერგეი სტოევი (1:1) და უკრაინელი ანატოლი პასნაკი (4:0) დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე სომეხი გასპარ ტერტერიანი იყო, რომელსაც 4:3 აჯობა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვახტანგ ლოლუამ (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ). ლოლუამ ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც გუშინ დამარცხდა, მაგრამ დღეს მედლისთვის ბრძოლაში თურქი ომერ ალტასი 10:3 დაამარცხა. ხოზრევანიძემ რეპეშაჟიდან მოახერხა მედლის მოპოვება, მან რეპეშაჟში გერმანელი კევინ კარლი 9:0 დაამარცხა, მედლისთვის კი, ფრანგ ილიან დუბაშს 8:0 მოუგო.
საქართველომ 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა ქოჩალიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ანრი ხოზრევანიძემ, ვახტანგ ლოლუამ, კობა ქამურიძემ და საბა ფურცელაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.