ფეხბურთი

11:50 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიამ 18-წლიანი ევროპული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

37 წლის არგენტინელმა გარემარბმა ანხელ დი მარიამ ევროპული ფეხბურთიდან წასვლისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა.

„შინ წასვლის დროა. ჩემი კარიერა ევროპაში დასრულდა. მრავალი წელი გავატარე, სხვადასხვა კლუბში ვთამაშობდი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ვტოვებ. ევროპაში 18 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ლამაზ ქალაქებში ცხოვრებით დავტკბი, არამედ დიდ კლუბებშიც, შესანიშნავ ადამიანებთან ერთად. შევიძინე მეგობრები, რომლებიც ყოველთვის დამამახსოვრდება. განცდილი თითოეული საოცარი მომენტი დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ. სირთულეების დაძლევა, ცრემლები, ბრაზი და შემდეგ ხელახლა მცდელობა - ეს ყველაფერი ჩემი, როგორც ფეხბურთელის და ადამიანის, ზრდის ნაწილი იყო.

სამუდამოდ მადლიერი ვარ ყველა კლუბის, რომელშიც მითამაშია ყველაფრისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს: „ბენფიკა,“ „რეალ მადრიდი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ პსჟ და „იუვენტუსი,“ იმისთვის, რომ დამეხმარნენ ფეხბურთელად და პიროვნებად განვითარებაში. გამიმართლა, რომ თითოეულ კლუბში მყავდა შესანიშნავი თანაგუნდელები და პერსონალი (მზარეულები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის, ვინც უკანა პლანზე რჩება, მაგრამ გულმოდგინედ მუშაობს ჩვენს მხარდასაჭერად). მათ არასდროს დავივიწყებ.

2007 წელს ჩამოვედი ახალგაზრდა, მშობლებთან და დებთან ერთად, სავსე შიშებითა და დაუცველობით. ნელ-ნელა, შვეჩვიე და განვვითარდი და დღეს მე მათი სითბოთი ვარ გარშემორტყმული, ასევე ჩემი ცოლისა და ქალიშვილების სიყვარულით. მადლობა პორტუგალიას, ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთს და იტალიას, რომ კარები გამიღეთ. ნახვამდის“, - დაწერა დი მარიამ სოციალურ ქსელში.

1 ივლისს დი მარიამ არგენტინაში, „როსარიო სენტრალთან“ გააფორმა კონტრაქტი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085341