„სასუოლომ“ „ემპოლიდან“ საბა გოგლიჩიძის შესაძენად შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რიკარდო ჩერვო გამოიყენოს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ემპოლი“ ჩერვოს გადაბირებით დაინტერესებულია, რომელიც „სასუოლოს“ გეგმებში არ შედის. სწორედ ამიტომ, „ნეროვერდიმ“ შესაძლოა შემთხვევით ისარგებლოს და „ემპოლის“ ჩერვო გოგლიჩიძის ტრანსფერში შესთავაზოს, რათა ფასი შეამციროს.
„ემპოლი“ დაახლოებით 8 მილიონ ევროდ თანახმაა ქართველი მცველი გაყიდოს, რომლის მიმართ ინტერესს იტალიური და ინგლისური კლუბები იჩენენ. „სასუოლო“ სერია A-ში წელს დაბრუნდა, გუნდს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო გროსო წვრთნის.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.