საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან ტესტ-მატჩისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნებმა“ მატჩამდე კომენტარი გააკეთეს. მომავალ თამაშზე დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ ისაუბრეს.
დავით ნინიაშვილი: „ჩვენთვის ირლანდიასთან თამაში ძალიან დიდი მატჩია, რადგან აქამდე, საქართველოში ირლანდია არასდროს ყოფილა და ზოგადად, ტიერ1-ის გუნდებთან თამაშით არ ვართ განებივრებული. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვართ მომზადებული, ყველაფერი გავიარეთ, როგორ უნდა ვეთამაშოთ ირლანდიას, ყველაფერს თამაშში გადავიტანთ და ვნახოთ, რა მოხდება მოედანზე. ძლიერი გაიმარჯვებს. მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა შოტლანდია ჩამოვიდა და „დინამო არენა“ გადავსებული იყო. მაგ დროს ნაკრებში არ ვთამაშობდი, მაყურებელი ვიყავი და მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ახლა უკვე მოთამაშე ვარ და ბედნიერი ვიქნები, თუ სტადიონი გაივსება და გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
ბექა საღინაძე: „რაც ყველაზე სასიამოვნოა, გასულ კვირაში იგრძნობოდა ის, თუ რისთვის ვემზადებით. ირლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რეიტინგში მესამეა და ვარჯიშებზე იგრძნობოდა, რომ ირლანდიისთვის ვემზადებოდით. პროგნოზის გაკეთება რთულია, მითუმეტეს, ჩვენ არასდროს გვიყვარს წინასწარ საუბარი. ისღა დაგვრჩენია თამაშს დაველოდოთ. ყოველთვის, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, როდესაც საქართველოს კვართი გვაცვია, ბოლომდე დავიხარჯებით და ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის მატჩი 5 ივლისს, „მიხეილ მესხზე“, 21:00 საათზე გაიმართება.