„ლიონის“ ბედი 10 ივლისს გადაწყდება. სწორედ ერთ კვირაში იქნება ცნობილი შეინარჩუნებს თუ არა, კლუბი ლიგა 1-ში ადგილს.
კლუბი ფინანსური კონტროლის ორგანომ 24 ივნისს ლიგა 2-ში დააქვეითა და ჯერ კიდევ გასული წლის 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება დაადასტურა. „ლიონმა“ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა აპელაციის იმედადაა, რომლის შედეგი 10 ივლისს გახდება ცნობილი.
თუმცა, მანამდე „ლიონს“ 200 მილიონი ევროს მოზიდვა მოუწევს. 100 მილიონი ევრო კლუბის ანგარიშებზე დაუყოვნებლივ უნდა აისახოს, ხოლო კიდევ 100 მილიონი მოგვიანებით, მაგრამ კლუბმა გარანტიები უნდა წარადგინოს, რომ ეს თანხა სეზონის განმავლობაში ექნება. ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხებს ერთ კვირაში ამ ყველაფერს კლუბი, მით უფრო, რომ ფეხბურთელების გაყიდვასაც დრო სჭირდება და ამ შემთხვევაშიც ძნელი იქნება 100 მილიონის მოგროვება.
ასე რომ, ძალიან დიდი შანსია, რომ „ლიონის“ აპელაცია არ დაკმაყოფილდეს და კლუბმა მომდევნო სეზონი ლიგა 2-ში გაატაროს.