ფეხბურთი

15:16 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "არ ვიცი, გარდამტეხი მომენტი როდის იყო, მაგრამ გუნდის ევოლუციით კმაყოფილი ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მატჩის შესახებ

„გულწრფელად რომ ვთქვა, რთული კვირა იყო, რადგან ძალიან დიდი დრო გავიდა, მატჩებს შორის ექვსი დღე იყო. სეზონის ბოლოს ეს ბევრია. ძალიან კარგი ვარჯიშის კვირა გვქონდა, სამუშაო შევასრულეთ. ვფიქრობ, გუნდი მზადაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება ძალიან კარგ გუნდთან თამაში. უკვე შევხვდით „ბაიერნს“, ვიცნობთ ამ გუნდს. ეს იქნება ღია მატჩი ორ შემტევ გუნდს შორის. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ამას დააფასებენ. გვსურს კონკურენციის გაგრძელება, ეს ჩვენი მკაფიო მიზანია“.

„ბაიერნთან“ შურისძიება

„ძალიან ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ ერთი მატჩი გარდამტეხი მომენტი იყო. ვფიქრობ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის ევოლუციას ვხედავდით. სეზონის დასაწყისში ეფექტურობის ნაკლებობას განვიცდიდით, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. არ ვიცი, სად მოხდა გარდამტეხი მომენტი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის განვითარებით და ძალიან კმაყოფილი ვარ სეზონით. ფეხბურთელები შურისძიებაზე საუბრობენ? ჩემთვის ეს ცოტა განსხვავებულია. შურისძიების გრძნობა არ მაქვს. ეს მეოთხედფინალი იქნება და ჩემთვის ეს საკმარისია მოტივაციისთვის“.

უსმან დემბელე

„უსმანი მთელი კვირა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ამ ვარჯიშებმა ბევრი ინფორმაცია მომცა. ძალიან მიხარია, რომ ის გუნდში დაბრუნდა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ მეტოქეს ინფორმაცია მივაწოდო. ვნახოთ რა მოხდება.

დიოგუ ჟოტა

„ეს ალბათ ყველაზე ცუდი ამბავია, რაც კი შეიძლება გაგვეგო. საფეხბურთო სამყარო შოკშია. ეს ტრაგედიაა, ყველასთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით პორტუგალიელებისთვის. რთულია, უნდა შევეგუოთ, მაგრამ ძალიან რთულია“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. პსჟ "ბაიერნს" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში შეხვდა და მაშინ მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.092453
სარეკლამო ადგილი - 99
X x X