ჭიდაობა

22:00 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 4 მედალი: პეტრიაშვილი და ჭეჭელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ დღეს ოთხი მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ოქროს დავით ჭეჭელაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი დაეუფლნენ, ვერცხლს ნიკა ზანგალაძე და ბრინჯაოს გოგა ოთინაშვილი.

79 კგ წონით კატეგორიაში დავით ჭეჭელაშვილმა ისრაელის ნაკრების წევრი დანიელ სიმონიანი 5:0, ესტონელი ტრისტან ალკსანდროვი 8:3, უკრაინელი ბოგდან ოლეკსიენკო 12:1 და რუსი საიდ საიდულოვი 10:4 დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ მურადხან ომაროვს დაუპირისპირდა, რომელსაც 10:0 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა უნგრელი პეტერ შივნოვშკი 10:0, აზერბაიჯანელი რავან მუსაიევი 12:4 და რუსი მაგომედგაჯი მაგომედოვი დაამარცხა, რის შედეგადაც, ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ აშაბ დადაევს შეხვდა. პეტრიაშვილმა მასაც უპრობლემოდ, 10:0 აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

57 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ზანგალაძემ გუშინ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო უდიდესი უპირატესობით - 10:0. მან ბულგარელი ესად ბოზალი და რუსები, მატსვეი სისტევიჩი და მაგომედ ოზდამიროვი დაამარცხა. ზანგალაძე ფინალში დღეს, აზერბაიჯანელ ვასიფ ბაღიროვს გაეჯიბრა, რომლის წინააღმდეგ 6:9 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გოგა ოთინაშვილმა, რომელმაც გუშინ პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ჯერ რუმინელ ედუარდ დავიდ ლენარს 10:0 და შემდეგ ლიეტუველ ოლეგ კნისევსკის 10:0 აჯობა, ხოლო მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველი ალექსანდრ გაიდარლი 11:1 დაამარცხა.

65 წონით კატეგორიაში ჯერ ფინალამდე და მერე ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლაზარე გუჯარაიძეს, რომელმაც ესპანელი ხორხე მატა 10:0 და აზერბაიჯანელი ჰაჯი კარიმოვი 4:3 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ უკრაინელ ვიქტორ ბოროჰანთან 1:11 დამარცხდა. ის ბრინჯაოსთვის იბრძოდა, თუმცა მოლდოველ მაქსიმ დიმოვთან 3:14 წააგო და უმედლოდ დარჩა.

კვირას ფინალში იჭიდავებს დაჩი პაპინაშვილი, შესაბამისად, მედალი განაღდებული აქვს, ხოლო კიდევ სამი მოჭიდავე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ალექსანდრე რუსიტაშვილმა, ანრი ფუტკარაძემ და ლუკა ქოჩალიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ანრი ხოზრევანიძემ, ვახტანგ ლოლუამ, კობა ქამურიძემ და საბა ფურცელაძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09275