„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია და მორიგი ტიტულისკენ მიიწევს. ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა.
თამაში დაძაბული გამოდგა, „ბაიერნი“ საკმაოდ დიდი ხანი ტოლს არაფერში უდებდა მეტოქეს, მაგრამ მატჩის მიწურულს პარიზელებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
ხვიჩა კვარაცხელია აქტიურობდა, ერთ მომენტში მეკარესთან პირისპირ ბრედლი ბარკოლა დატოვა, რომელმაც მანუელ ნოიერს ვერ აჯობა. ქართველმა ფეხბურთელმა 75-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ გამოსულ ნოიერს პასი ჩაუჭრა, რის შემდგომაც ცარიელ კარში უსმან დემბელემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.
78-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენი“ დაწინაურდა. ჟოაო ნევეშმა მოედნის ცენტრში ჰარი კეინს წაართვა ბურთი, სწრაფი იერიში წამოიწყო, რომელიც დეზირე დუემ შორეული და რაც მთავარია, ძალიან ზუსტი დარტყმით დაასრულა.
კვარაცხელია მოედანზე 83 წუთის განმავლობაში იყო, სანამ ლუკას ბერალდომ არ შეცვალა. ეს ტაქტიკური ცვლილება იყო, რაც პაჩოს გაძევებით გახლდათ განპირობებული და პსჟ-ს ბოლო წუთებში 10 კაცით თამაში მოუწია. უფრო მეტიც, 9 ფეხბურთელით დაასრულა მატჩი, რადგან 91-ე წუთზე ლუკა ერნანდესიც გააძევეს.
სწორედ 9-კაციანმა პსჟ-მ „ბაიერნს“ მეორე გოლიც გაუტანა. უსმან დემბელემ ჯერ მეტოქის კარის ხარიხა შეაზანზარა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და სწორედ დემბელემ დაასრულა გოლით - 2:0.
პირველი ტაიმის მიწურულს ჯამალ მუსიალამ მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანელმა კოჭი დაიზიანა ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტაქტის შემდეგ. ფეხბურთელები შოკში იყვნენ, როცა ჯამალის მდგომარეობა დაინახეს, მათ შორის, დონარუმა, რომელმაც მოედანი ძალიან დამწუხრებულმა დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ტრავმა ძალიან სერიოზულია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 30 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.
პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ 9 ივლისს დაუპირისპირდება.
"პარი სენ-ჟერმენი" - "ბაიერნი" 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დუე (78), 2:0 დემბელე (90)