„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდი ნებისმიერ დროს მზადაა კონკურენციისთვის, რაც „ბაიერნთან“ 9 ფეხბურთელითაც დაამტკიცეს.
„პირველ რიგში, მინდა, ჯამალ მუსიალას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. რთული მატჩი იყო, ძალიან დაძაბული, როგორც ველოდით. ორივე გუნდმა საუკეთესოდ ითამაშა და ბედნიერები ვართ. ცოტა გიჟური მატჩი იყო, მაგრამ მოგება ორივე გუნდს შეეძლო, „ბაიერნმა“ ძალიან კარგად ითამაშა.
სეზონის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით გამძლეობაზე, ჩვენ გამძლე გუნდი ვართ, ჩვენი გულშემატკივრებიც, ისინი გუნდს ყოველთვის ეხმარებიან. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს მზადაა კონკურენციისთვის. სეზონის განმავლობაში ბევრი ვიტანჯეთ, ჩემპიონთა ლიგაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეფექტიანობა გვაკლდა, თუმცა ყოველთვის ვაჩვენებდით, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. მოგება, ფრე, წაგება, შესაძლებელია, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახლაც ვცდილობთ გაუმჯობესებას.
ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე, ვერ ვიტყვი, ვინ მირჩევნია მეტოქედ ნახევარფინალში, მთავარია, რომ იქ ვართ და ფინალში გასვლა გვსურს. მსაჯი? პროფესიონალები ვართ, ვიცით, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ არ ვართ უხეში გუნდი, რომელიც ბარათებს იღებს. ზოგიერთი გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაური იყო. „ბაიერნის“ წინააღმდეგ 11-11-ზეც რთულია თამაში. პირველი გაძევების შემდეგ ყველაფერი გართულდა, ორი მოთამაშით ნაკლებით კი, ყველაფერი ლატარიას ჰგავდა. ვაჩვენეთ, რომ ორი გაძევების მიუხედავად კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 9 ივლისს, მადრიდის "რეალს" შეხვდება.