ფეხბურთი

0:47 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფეხბურთელები: "ეს ტურნირი გვაინტერესებს და მისი მოგება გვინდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა აშრაფ ჰაკიმიმ, დეზირე დუემ და მარკინიოსმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრეს.

აშრაფ ჰაკიმი: „ვამაყობთ გუნდის ძალისხმევით. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ. ნახევარფინალში მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, გამარჯვებისთვის მოვემზადებით. მინდა, ჯამალ მუსიალაზე ვთქვა, რომ ყველანაირად ვუჭერ მხარს. იმედი მაქვს, რომ მოედანზე სწრაფად დაბრუნდება“.

დეზირე დუე: „ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეოთხედფინალში თამაში არასდროსაა ადვილი. ნახევარფინალში გასასვლელად, „ბაიერნი“ უნდა დაგვემარცხებინა და სწორედ ეს გავაკეთეთ. ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდის დახმარება. ბოლო რამდენიმე მატჩში გოლი არ გამიტანია, მაგრამ ვცდილობდი, გუნდში წვლილი შემეტანა. თუ ეს გოლებით არ ხდება, ეს სირბილით, პასებით, საფრთხის შექმნით ხდება. მწვრთნელი აკეთებს თავის არჩევანს. ის არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. სანამ მოედანზე ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო“.

მარკინიოსი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ეს რთული მატჩი იყო და ძალიან გვინდოდა მოგება. „ბაიერნთან“ რევანში გვსურდა, რადგან ბოლო მატჩი, რომელიც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, წავაგეთ. კარგია ამ მატჩის მოგება. ეს არის შეჯიბრი, რომელიც გვაინტერესებს და გვინდა რაღაცის გაკეთება. წითელი ბარათები დეტალებია, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ. ერთი მოთამაშე მეტ-ნაკლებად ყველაფერს ცვლის. ჩემს თანაგუნდელებში დავინახე, როგორ ამბობდნენ: „ბოლომდე თავს დავიცავთ“. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ მატჩს მოვიგებდით. დავინახეთ მათი განწყობა, 10 კაცით, 9 კაცით. გავაგრძელეთ თამაში და მეორე გოლიც გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოთამაშე ნაკლები გვყავდა. გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. 9 ან 10 კაცითაც კი, გუნდი მზადაა იტანჯოს, კონტრშეტევისთვის, მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად. ჩვენ ჩვენი იარაღით ვთამაშობთ“.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 9 ივლისს, მადრიდის "რეალს" შეხვდება.

0.158369