საქართველოს ნაკრების მორაგბემ დავით ნინიაშვილმა ირლანდიასთან მარცხის (5:34) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ გაუმართლათ, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში იზრდებიან.
„ყველაფერი ვეცადეთ, რომ მეტი ლელო გაგვეტანა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო, მეტოქის მხარეს იყო. არ გაგვიმართლა. სწორედ ასეთ მატჩებში ვიზრდებით ყველაზე მეტად, ტიერ 1-ის გუნდებთან. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვეცდებით, რომ შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და შემდეგ მატჩებში აღარ დავუშვათ.
„ჩიტასთან“ გენერალური რეპეტიცია გვაქვს. განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშებთ და სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეირჩევა. ჩემი აზრით, სამხრეთ აფრიკისთვის მოტივაცია არ გვჭირდება, რადგან მსოფლიოში პირველი გუნდია და ეს უკვე მოტივაციაა. ვეცდებით, რომ ის შეცდომები არ გავიმეოროთ, რაც ირლანდიასთან დავუშვით. გვახსოვს, წინა თამაშზე 9:0-ს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ მოვეშვით და საბოლოოდ წავაგეთ. ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკასთან საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ, შეიძლება ახალი სახეებიც გამოჩნდნენ და ყველაფერს გავაკეთებთ, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ.
როდესაც შვეიცარიას, ნიდერლანდებს, რუმინეთს ეთამაშები, განვითარება არ გვაქვს. ადამიანმა უნდა წააგო, რომ ფეხზე წამოდგე და განვითარდე. შეიძლება ირლანდია არ იყო საუკეთესო შემადგენლობით, მაგრამ ისეთ გუნდებში თამაშობენ და იმდენ თამაშს თამაშობენ, რომ „შავი ლომი“ და მეც, ვერ ვთამაშობ მაგდენ თამაშს. რიჩარდი მოედანზე არ გადის, ხომ ასეა? თამაშობს 23 მორაგბე, ანუ, ჩვენი ბრალია, რიჩარდის ბრალი არაფერია. შეიძლება მან დაუშვას შემადგენლობის მხრივ შეცდომები, მაგრამ მოედანზე 23 მორაგბე გადის და ყველაფერი ჩვენი ბრალია. უბრალოდ, გვინდა, რომ პირველი დონის გუნდებთან უფრო მეტჯერ ვითამაშოთ. გთხოვთ, რომ გულშემატკივრობა ვისწავლოთ, როგორც მოგებაში, ისე წაგებაში“, - თქვა ნინიაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ახლა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს, „ტოიოტა ჩიტასს“ და 19 ივლისს, უკვე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.