საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ირლანდიასთან მარცხის (5:34) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს და ეს ტესტ-მატჩები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპია.
„მინდა შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი. გუნდის შენების პროცესი დაწყებულია, შემდეგი მატჩი „ჩიტასთან“ გვაქვს და განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშებთ და ამის შემდეგ შევარჩევთ შემადგენლობას, რომლითაც სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით.
გამოწვევა ისაა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თოდუას ადგილის დაკავებას მოახერხებენ. უნდა გამოჩნდეს ახალგაზრდები, ეს სტიმულიცაა მათთვის, რომ აჯობონ. რა თქმა უნდა, ის საოცარი ადამიანი და დიდი პროფესიონალია, კარგად თამაშობს, თუმცა, იქნება თუ არა მსოფლიო თასზე შემადგენლობაში? არ ვიცი, იმედია არა, რადგან იმედია, გამოჩნდება ახალგაზრდა, ვინც მის ადგილს დაიკავებს. თუ ფორმაში იქნება, რა თქმა უნდა, ის მოხვდება მსოფლიო თასზე. ასაკი პრობლემა არაა, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბირთვი ძირითადად გადაცილებულია 30 წელს.
დერეფანსა და მოლზე გვაქვს სამუშაო. ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან მეორე ხაზის ბევრი მორაგბე არ გვყავს, კი არის რამდენიმე მოთამაშე, მაგალითად, 20-წლამდე ნაკრებში, მაგრამ ბევრი არა. ზოგადად, მესმის გაღიზიანება, მაგრამ ეს გუნდის შენების პროცესის ნაწილია“, - თქვა კოკერილმა.
საქართველოს ნაკრები ახლა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს, „ტოიოტა ჩიტასს“ და 19 ივლისს, უკვე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.