ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოლ ო’კონელმა საქართველოსთან 34:5 მოგებული მატჩის შემდეგ ივლისის პირველი ტესტ მატჩი შეაფასა. მან საქართველოზე პოზიტიური კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნით, ქათული კერძებით, მოედანზე და ფან ზონაში შექმნილი ატმოსფეროთი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.
"საქართველოში შესანიშნავი დრო გავატარეთ. ვერ ვიფიქრებდი, რომ თბილისი ასეთი ლამაზი ქალაქი იყო. საოცარი საჭმელი გაქვთ, მოთამაშეებმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს ჩემგან. სტადიონიც საოცარი იყო. გამოვარჩევდი მატჩისწინა ატმოსფეროსაც. ძალიან ვისიამოვნეთ და შედეგით ბედნიერები ვართ. დიდ პატივს ვცემთ საქართველოს, ვიცით, რომ იტალია არ არის სუსტი გუნდი, ქართველმა მორაგბრებმა კი მათ მოუგეს, დაამარცხაეს უელსი, იაპონია. ასე რომ, დიდი პატივისცემა ჩემგან. უზომოდ გახარებულები ვართ შედეგით და მთლიანად თამაში შესანიშნავი გამოგვივიდა.
საინტერესო მატჩისწინა ეტაპი გვქონდა. ძირითადად ვემზადებოდით მშრალი პირობებისთვის, მაგრამ მოგვიწია ძალიან წვიმიან ამინდში თამაში. თუმცა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუ რამდენად ადაპტირებულები იყვნენ მოთამაშეები. წვიმიან ამინდში თამაში ვიცით, რომ ქართველების ძლიერი მხარეა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა და თავი დაიცვა. მაგრამ, კმაყოფილი დავრჩი იმით, თუ როგორ მოახერხეს ჩემმა მორაგბეებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მეორე ნახევარში. გვქონდა შანსი, რომ შემადგენლობაში რაღაცები შეგვეცვალა. შესვენების დროს გარჩევისას რაშიც დავინახეთ რომ საქართველო ძლიერი იყო, სწორედ ის კომპონენტები გამოვასწორეთ. იმედი მაქვს ამ ტემპს შევინარჩუნებთ", - განაცხადა ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მესამე და ევროპის საუკეთესო ნაკრებთან თამაშის შემდეგ, ქართველი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ "ტოიოტა ჩიტასს" ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარსდგებიან.