„ტორინოს“ ფეხბურთელ საბა საზონოვს ტრავმის გამო გერმანულ „კაიზერსლაუტერნში“ ტრანსფერი ჩაეშალა. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.
იტალიური გაზეთის ინფორმაციით, გერმანულ გუნდსა და ქართველ მცველს შორის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბამ ტრავმა მიიღო, „კაიზერმა“ უკან დაიხია და გარიგებაზე უარი თქვა. მოგეხსენებათ, "კაიზერლსაუტერნი" II ბუნდესლიგის წევრია.
ჯერჯერობით, ისევ გაურკვეველია, რამდენ ხანს იუქმებს 23 წლის ცენტრალური მცველი, რომელმაც დაზიანება 14 ივნისს, საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩში მიიღო. საზონოვი „ტორინოს“ ეკუთვნის და სეზონისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ბარონის ხელმძღვანელობით დაიწყებს, ამის შემდეგ გაირკვევა, კლუბი შეინარჩუნებს თუ არა მას. უფრო დიდი შანსია, რომ ტურინელებმა ისევ გაანათხოვრონ.
გასული სეზონი საზონოვმა იჯარით „ემპოლიში“ გაატარა, მაგრამ ერთხელაც ვერ ითამაშა, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, თუმცა, ისევ დაზიანება მიიღო.
საბა საზონოვი „ტორინოს“ წევრი 2023 წლის ზაფხულიდანაა და ტურინულ გუნდს კონტრაქტით 2028 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის.