კრიშტიანუ რონალდუ დიოგუ ჟოტას და მისი ძმის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრო, რასაც ბუნებრივია დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამაზე კომენტარი ჯერჯერობით, არ გააკეთა, მაგრამ სამაგიეროდ, რონალდუ დაიცვა დამ, რომელიც ხშირად გამოირჩევა კრიშტიანუს დაცვით.
რატომ არ დაესწრო რონალდუ დაკრძალვას? როგორც პორტუგალიური მედია წერს, 2005 წლის შემდეგ, როცა კრიშტიანუს მამა გარდაიცვალა, ფეხბურთელი თავს არიდებს ამ ცერემონიაზე დასწრებას, რადგან მამის გარდაცვალებამ მას დიდი ტრავმა დაუტოვა. ყველაფერს ისიც ემატება, რომ მსგავს სიტუაციაში მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.
„ყველას გვყავს ოჯახები. წარმოუდგენლად უხერხულია იმის ყურება, თუ როგორ უსვამს მედია ხაზს რონალდუს არყოფნას, იმის ნაცვლად, რომ პატივი მიაგონ ორი ძმის დაკარგვით განადგურებული ოჯახის ტკივილს. ამ ყველაფრის მოსმენაც კი მრცხვენია. არასოდეს იცი, რას ნიშნავს ეს, სანამ არ განიცდი. როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, დანაკარგის ტკივილთან ერთად, სასაფლაოზე და ყველგან, სადაც კი მივდიოდით, კამერების ზვავთან გვიწევდა გამკლავება“, - თქვა რონალდუს დამ, კატია ავეირომ.
შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა და მისი ძმა, ანდრე სილვა ესპანეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.