მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, ნახევარფინალები და ფინალი დარჩა, სულ სამი მატჩი. ტურნირს „რეალი“, პსჟ, „ფლუმინენსე“ და „ჩელსი“ შემორჩნენ.
ჯერჯერობით, ყველაზე მეტი თანხა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მადრიდის „რეალმა“ გამოიმუშავა, რომელმაც ამ დროისთვს 74.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. თითოეულ მონაწილე კლუბს ტურნირში მონაწილეობისთვის ჰქონდა გამომუშავებული სასტარტო თანხა, „რეალს“ დაახლოებით 27 მილიონი ევრო (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ მონაწილეობისთვის). მხოლოდ ნახევარფინალში გასვლით მადრიდულმა გრანდმა 19 მილიონი გამოიმუშავა, რასაც ემატება თანხა, რომელიც გამარჯვებებით, ფრეებით, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში გასვლით მიიღო.
სწორედ ამიტომ, „რეალს“ ყველაზე მეტი თანხა აქვს გამომუშავებული. მეორე ადგილზე პსჟ-ეა, რომელსაც ამ დროისთვის 70 მილიონზე ოდნავ ნაკლები ერგო, „ჩელსის“ 67, ხოლო „ფლუმინენსეს“ – 55.
ტურნირი გრძელდება, ფინალში გასვლა 28 მილიონს უდრის, ხოლო ტურნირის მოგება დაახლოებით 37 მილიონს. ეს ნიშნავს, რომ „რეალმა“ შეიძლება 100 მილიონზე მეტი გამოიმუშავოს მუნდიალზე, თუ ფინალში გასვლას მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 8 ივლისს „ჩელსი“ „ფლუმინენსეს“, ხოლო 9 ივლისს „პარი სენ-ჟერმენი“ „რეალს“ შეხვდება.