ფეხბურთი

12:55 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერთი სეზონი, ორი მხარე: პსჟ-ს რევანში "არსენალთან", "ატლეტიკოსა" და "ბაიერნთან"

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ 2024-2025 წლების სეზონი ისტორიული და ტრიუმფალური გამოდგა - კლუბის ისტორიაში ცალსახად საუკეთესო.

თუმცა, ეს სეზონი არ დაწყებულა იდეალურად, ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და დიდი შანსი იყო, პლეი-ოფში საერთოდ ვერ გასულიყო. მაგალითად, ლიგის ფაზის ეტაპზე 5 ტურის შემდეგ პსჟ-ს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა - 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება!

სიტუაცია ბოლო სამ ტურში სამმა გამარჯვებამ შეცვალა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში პსჟ აბსოლუტურად სხვა გუნდი, შეუჩერებელი და დომინანტი გახდა, რის შედეგადაც ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ სამჯერ დამარცხდა: „არსენალთან“ 0:2, „ატლეტიკოსთან“ 1:2 და „ბაიერნთან“ 0:1. საინტერესოა, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ამ სეზონში სამივე ხსენებულ გუნდთან მიეცა თამაშის შესაძლებლობა და სამივე დაამარცხა.

პსჟ „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა და ფაზის ეტაპისგან განსხვავებით აჯობა: ლონდონში 1:0 და პარიზში - 2:1. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ რევანშის შანსი ფრანგულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში მიეცა, რომელიც იდეალურად გამოიყენა - 4:0! მიუნხენის „ბაიერნსაც“ ამ ტურნირზე შეხვდა, ოღონდ მეოთხედფინალში და ისიც დაამარცხა - 2:0.

მოკლედ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დავივიწყოთ, მხოლოდ ეს სამი შედეგი მოწმობს სეზონის მიმდინარეობისას „პარი სენ-ჟერმენის“ გარდაქმნაზე. აქ საუბარი ხომ არ არის, რომ კლუბმა სხვა სეზონში შეძლო რევანში, არა, იმავე სეზონში.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ყველაფერი მოიგო, სადაც კი გამოდიოდა, დარჩენილია მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლის მოგებამდე ორი ნაბიჯი აშორებს, ნახევარფინალში კი, 9 ივლისს, მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.050471