„ფროზინონეს“ ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე შესაძლოა „კალიარიში“ გადავიდეს. როგორც იტალიური მედია წერს, ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია.
„კალიარის“ ახალი სპორტული დირექტორი გუიდო ანჯელოცი სარდინიულ გუნდს სწორედ „ფროზინონედან“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, შესაბამისად, კვერნაძეს ძალიან კარგად იცნობს. სწორედ მან დაიწყო მოლაპარაკებები.
ანჯელოცის მიზანია, რომ „ფროზინონეს“ ფინანსური მოთხოვნები, რომელიც არ კონკრეტდება, შეამციროს და პარალელურად, „ვერონას“ დაასწროს, რომლის მხრიდან ინტერესი ასევე არსებობს.
გიორგი კვერნაძეს „ფროზინონესთან“, რომელიც სერია B-ს წევრია, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის იტალიურ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს, ხოლო სერია B-ს გასულ სეზონში 33 შეხვედრაში თავი 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.