საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესს „პიზა“ იჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას Pianetaempoli ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ალბერტო ჯილარდინოს გუნდი აკვირდება სიტუაციას და 21 წლის ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია. თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
გოგლიჩიძით „პიზას“ გარდა არაერთი გუნდია დაინტერესებული, ყველაზე ხშირად მაინც „სასუოლოს“ შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ჯერჯერობით, საბა „ემპოლის“ განკარგულებაშია და ახალი სეზონისთვის მზადებას ხვალიდან ტოსკანური გუნდის მაისურით დაიწყებს.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. მას ტოსკანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.