ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ორდაბასისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან ვრცლად ისაუბრა გუნდში არსებულ სიტუაციაზე და მომავალ დაპირისპირებაზე:
„მომავალი მატჩისთვის ინტენსიური მზადება თბილისში გამართული თამაშის შემდეგ დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვართ. გუნდი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ბევრად უკეთ გამოიყურება. შემოგვიერთდნენ ახალი, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რაც გვაძლევს მეტ მოქნილობას პოზიციებში, ვიდრე ადრე. მჯერა, რომ მზად ვართ და ხვალ ჩვენი საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ, რადგან განმეორებით მატჩს უპირატესობით შევხვდეთ.
ახალი კაპიტანი? ეს გადაწყვეტილება მთელმა სამწვრთნელო შტაბმა მიიღო. ვფიქრობ, რომ ის მართლაც ძლიერი ავტორიტეტია. მას აქვს დიდი გამოცდილება მოედანზე და უკვე აჩვენა იმ მატჩებში, რომ აბსოლუტური ლიდერია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი სისტემისთვის ცენტრალურ როლს ასრულებს. ის ცენტრალური ნახევარმცველია. ძალიან კარგად ფლობს ორ ენას ქართულს და ინგლისურს, რაც საშუალებას აძლევს, სწორად გადასცეს საჭირო მითითებები და აიღოს პასუხისმგებლობა როგორც მოედანზე, ისე, მის გარეთ, მათ შორის გასახდელში, რაც ვიგრძენით და ვნახეთ. ამიტომ, ჩვენთვის დიდად სადავო არ ყოფილა ის, რომ მამუჩაშვილი უნდა გამხდარიყო ჩვენი ახალი კაპიტანი. წინა კაპიტანმაც კარგად გაართვა თავი ამ როლს, მაგრამ ის სხვა კლუბში გადავიდა და ამ პოზიციაზე დაგვრჩა სიცარიელე. შესაბამისად, აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მჯერა, რომ ის სწორედ ის კაპიტანია, ვინც ჩვენს გუნდს სჭირდება.
ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ მომავალ ორ მატჩში. ყაზახურ გაზეთში წავიკითხე, რომ ჩვენ ვართ "გამოწვევა" და ფავორიტებად სახელდებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები, ვფიქრობ, რომ გამომწვევის როლი ჩვენთვის კარგი როლია. ამჟამად გვყავს ხუთი ახალი მოთამაშე და საკმაოდ რთულია ხვალინდელი მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობის შერჩევა, მაგრამ ყველა იბრძვის პოზიციისთვის, ყველა იბრძვის ძირითად თერთმეტეულში მოხვედრისთვის. ვფიქრობ, ხვალამდე ერთ-ორი რთული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, მაგრამ მიხარია, რომ ეს ბრძოლა თანაბარია ყველასთვის. ყველა პოზიციაზე გვყავს ორი კარგი ხარისხის მოთამაშე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტილი და ყოველდღიური მუშაობის ხარისხი წინ წავიდა. ერთი ნაბიჯით წინ ვართ და გუნდის საერთო დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ადრე. ეს მაძლევს დიდ ოპტიმიზმს, განსაკუთრებით ხვალინდელი მატჩის მიმართ და ზოგადად მომავალთან მიმართებით.
ვცდილობთ ახალგაზრდების განვითარებას ჩვენი გუნდისა და კლუბისთვის. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც გვაქვს. მჯერა, რომ ალეკო ბასილაძე ამ გზის ერთ-ერთი მაგალითია. ის ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდა, რომ პირველ შემადგენლობაში მოხვედრილიყო და საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი მარცხენა ფლანგზე.
ახლა მეკითხებით ახალ მოთამაშეებზე, მანეზე ან ანდრიჩზე, მაგრამ არ მსურს ამაზე დეტალურად საუბარი. ორივე მოთამაშე იქნება განაცხადში და უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები მოწინააღმდეგის თამაშის სტილიდან გამომდინარე. მათ ხშირად აქვთ განსხვავებული ტაქტიკა, ზოგჯერ სამი მცველით თამაშობენ, ზოგჯერ ოთხით. ამიტომ, სწორი მოთამაშეებით და სწორი გადაწყვეტილებით უნდა შევარჩიოთ გეგმა, რომ მაქსიმალური წარმატებისთვის ვითამაშოთ.
ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. გუნდი ძალიან მოტივირებული და პოზიტიური განწყობით ემზადებოდა ბოლო დღეებში. ყველანი ვცდილობთ ხვალინდელი მატჩისთვის და წარმატებისთვის. იმედია, ბევრი მაყურებელი მოვა სტადიონზე და კარგი მხარდაჭერა ექნება ჩვენს გუნდს.
"ორდაბასიმ" ახალი მოთამაშეები დაიმატა. ბოლო დღეებში და ორ-სამ კვირაში მხოლოდ ჩვენ არ გავძლიერდით. ვნახეთ მეტოქე გუნდის შედეგები და მატჩები და ვიგრძენით, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. წინა მატჩში მათ ორი მოთამაშე ძალიან ადრე გაუძევეს მოედნიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი ბრძოლა გამართეს და გასვლაზე ფრედ 0:0 ითამაშეს. ამიტომ მჯერა, რომ ხვალ ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, იმედია, ატმოსფერო ჩვენთვის სასურველი და სასიამოვნო იქნება“, - თქვა შუსტერმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა 10 ივლისს, ქუთაისში, 20:00 საათზე გაიმართება.