ფეხბურთი

19:47 | 9.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუჩაშვილი: "როცა ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება, შედეგი არ დააყოვნებს"

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი კაპიტანი ვლადიმერ მამუჩაშვილია, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, მაგრამ დიდი ნდობა უკვე გამოუცხადეს.

მან კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ორდაბასისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მზად ვართ. ჩვენი თამაში ბოლომდე გამართული არაა, რადგან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და დრო გვჭირდება, თუმცა ხვალ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ყველა ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას და ვეცდებით, დამაჯერებლად მოვიგოთ.

რაც შეეხება ჩემს კაპიტნობას, პირველ რიგში, გუნდს ნდობისთვის მადლობა, რომ აქ მეთამაშა და მადლობა მწვრთნელს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კაპიტნობაში, რაც ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვეცდები, ამას თავი ღირსეულად გავართვა.

სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებელი იყო, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ერთი მიზეზია. გუნდი ყველა კომპონენტში უნდა გაუმჯობესდეს წარმატებისთვის, როგორც ტაქტიკურად და ტექნიკურად, ისე ფიზიკურად. ვფიქრობ, რომ ყველამ ყველაფერზე ერთად უნდა ვიფიქროთ და ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს, რომ „ტორპედოში“ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. როცა ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება, შედეგი არ დააყოვნებს.

არაერთხელ მითამაშია მეტოქის რანგში ქუთაისში და ყოველთვის რთული იყო აქ თამაში, რადგან განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს. მათ ვეტყოდი, რომ მოვიდნენ, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ვეცდებით, რომ გამარჯვებით ვასიამოვნოთ“, - თქვა მამუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა 10 ივლისს, ქუთაისში, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.096343
სარეკლამო ადგილი - 99
X x X