„პარი სენ-ჟერმენი“ უბრალოდ შეუჩერებელია, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, ტურნირს, მატჩის რანგს - ყველას აცამტვერებს.
უფრო მეტიც, რაც უფრო სერიოზულია მეტოქე, მით უფრო მრისხანეა ლუის ენრიკეს გუნდი. პსჟ-მ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ გაანადგურა.
ყველაფერი საწყის 10 წუთში უკვე გარკვეული იყო: პარიზელთა ქარიშხალს მადრიდელებმა ალღო ვერაფრით აუღეს და ვერაფერი დაუპირისპირეს. ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, მეცხრე წუთზე კი, უსმან დემბელემ სხვაობა გააორმაგა. როგორც ხედავთ, ეს უკვე მეცხრე წუთზე მოხდა, აქვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ გოლებამდე „რეალი“ ტიბო კურტუამ ორჯერ იხსნა...
24-ე წუთზე პსჟ-მ მესამე გოლი გაიტანეს, ისევ სწრაფი შეტევა, „რეალის“ დაშლილი დაცვა და ფაბიან რუისმა დუბლი შეასრულა. პირველ ტაიმში გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეძლო, თანაც ძალიან ეფექტურის, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ქართველი შემტევი 58-ე წუთზე შეცვალეს.
პარიზელებმა მატჩის მიწურულს მეოთხეც გაიტანეს, ძალიან ლამაზი გოლი, ბრედლი ბარკოლამ და გონსალო რამოშმა მადრიდელთა საჯარიმოში ისე იმოქმედეს, თითქოს, მინდორზე მარტო იყვნენ. პორტუგალიელმა ანგარიში 4:0 გახადა...
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 31 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს, „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. ლუის ენრიკეს გუნდს ტურნირზე ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, "ბოტაფოგოსგან", როცა მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. ამ ტურნირზე პარიზელებმა ორივე მადრიდული გუნდი ("რეალი" და "ატლეტიკო") 4:0 გაანადგურეს, "ბაიერნს" 9 ფეხბურთელით მოუგეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგაზე რაც გააკეთა... მოკლედ, სიტყვები ზედმეტია
ასე რომ, პსჟ-ს საფრანგეთის სუპერთასის, საფრანგეთის ჩემპიონატის, საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კიდე ერთი ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალი“ 4:0 (3:0)
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (6), 2:0 დემბელე (9), 3:0 ფაბიან რუისი (24), 4:0 გონსალო რამოში (88)