მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-მ მადრიდის „რეალი“ 4:0 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ ერთ საათში, რაც მან მოედანზე გაატარა, ძალიან კარგად ითამაშა.
ფრანგულმა მედიამ ქართველი შემტევის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
Parisfans 6 ქულა: „მისმა მებრძოლმა სულისკვეთებამ პირველ ტაიმში ტექნიკური სიზუსტის ნაკლებობის კომპენსირება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში შეტევაში შთაგონება აკლდა, კარგად იბრძოლა“.
90min 7.5 ქულა: „როგორც ყოველთვის, ფორმაში მყოფმა ქართველმა ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდეს ფლანგზე თამაში ძალიან გაურთულა. ის მეორე წუთზე ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო, მაგრამ დარტყმა კარს ააცილა. შესვენებამდე, დემბელესთან შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, კიდევ ერთხელ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში მან რამდენჯერმე გამოიჩინა სისწრაფე და დარტყმა სცადა, სანამ შეცვლიდნენ“.
Givemesport 7.5 ქულა: „ბურთით საფრთხეს წარმოადგენდა და დაცვაში სასარგებლო იყო“.
Maxifoot 7 ქულა: „ყველას აინტერესებს: რა მოხდებოდა, ქართველი გარემარბი უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო? ბოლო სვლამდე „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი უნაკლო იყო, თუმცა, როდესაც საქმე მოქმედების დასრულებად ეხებოდა, სიზუსტე აკლდა. ეს გამოწვეული ფლანგზე მის მიერ დაფარული მანძილით და „რეალის“ პასების ჩაჭრის მცდელობებით“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 31 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს, „პარი სენ-ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.