„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი აღფრთოვანებული დარჩა პსჟ-ს თამაშით პარიზელებსა და მადრიდის „რეალს“ შორის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში (4:0). კარაგერმა პსჟ შეადარა ხოსეპ გვარდიოლას „ბარსელონას.“ პეპი კატალონიურ კლუბს 2008 წლიდან 2012 წლამდე წვრთნიდა.
„პსჟ-ს თამაშის ცქერა პეპის „ბარსელონას“ მაგონებს! მათთვის უკეთეს კომპლიმენტს ვერ ვპოულობ“, - დაწერა კარაგერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
შეგახსენებთ, რომ პსჟ, „რეალის“ დამარცხების შემდეგ, 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თუ ისინი ტურნირის ფინალში „ჩელსის“ დაამარცხებენ, პარიზელები 2024/2025 წლების სეზონის ბოლოს ხუთ ტიტულს მოიგებენ.