ფეხბურთი

15:30 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ტელეფონში "ბარსას" ფანებისგან მილოცვების უამრავი მესიჯი მაქვს"
"თითოეული ფეხბურთელი სხვადასხვა როლს ასრულებს, მაგრამ შეტევასა და დაცვაში ყველამ უნდა იმუშაოს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეალთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ აღნიშნა, რომ ტელეფონში „ბარსელონას“ ფანების უამრავი შეტყობინება აქვს, რომლებიც მას მოგებას ულოცავენ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ სხვა თემებზეც ისაუბრა და თამაში შეაფასა:

ჩაბი ალონსოს დრო სჭირდება

„ვფიქრობ, ჩაბი ალონსოს დრო სჭირდება, რომ იმუშაოს. არ ვიცი, ასახავს თუ არა, ეს 4:0 ამ ორ გუნდს შორის სხვაობას, მაგრამ არ შეიძლება შედარება იმ გუნდთან, რომელიც შენებას ახლა იწყებს. მე ამ პროექტზე უკვე ორი წელია ვმუშაობ. არ აქვს მნიშვნელობა ასახავს თუ არა, ეს შედეგი სხვაობას. ჩაბიმ ჯერ გუნდს მხოლოდ ექვს მატჩში უხელმძღვანელა, პრესეზონზე დრო სჭირდება. არ არის საჭირო შეფასება, რადგან მას ჯერ არაფრის გაკეთების დრო არ ჰქონდა. სრულიად განსხვავებული და შეუდარებელი სიტუაციებია“.

ტემპის შენელება მატჩის დროს

„ჩვენ ტემპი არ შეგვინელებია. ჩემს ტელეფონში „ბარსას“ გულშემატკივრების მოლოცვებია. როდესაც დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, 100%-ით იხარჯები. „რეალი“ ყოველთვის შესანიშნავია და იქნება. თამაშის არცერთ მომენტში ტემპი არ შეგვინელებია, თუმცა იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც დასვენება სჭირდებოდათ, რადგან უკიდურესი დაღლილობის რისკი არსებობდა“.

ნუნუ მენდეში და აშრაფ ჰაკიმი

„ისინი მსოფლიოში საუკეთესო ფულბექები არიან. თითოეული ფეხბურთელი სხვადასხვა როლს ასრულებს, მაგრამ შეტევასა და დაცვაში ყველამ უნდა იმუშაოს. სწორედ ამას აჩვენებს ჩვენი გუნდი: მუშაობა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მე ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობის კლუბში ვარ, ამიტომ, შეგვიძლია ძალიან კარგი ფეხბურთელების დამატება. ჰაკიმის თავისუფლება აქვს, ნუნუს კი, შეტევაში შესანიშნავად თამაშის უნარი გააჩნია. ეს ძალიან მოგვწონს“.

ისტორიის შექმნა

„ეს იყო მიზანი, რომელიც თავიდანვე გვქონდა. ყოველთვის რთულია, რადგან ძალიან ცოტა გუნდია, რომელსაც ამის მიღწევა შეუძლია და ჩვენ მხოლოდ ერთი თამაში გვაშორებს ყველა იმ თასის მოგებას, რომელ ტურნირშიც ვთამაშობდით. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, გულშემატკივრებისთვის, კლუბისთვის. ჩემთვის სიამოვნებაა პსჟ-ში მუშაობა. თუმცა, არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენი მიზნები ასეთი მაღალი იქნებოდა“.

ოქროს ბურთი უსმან დემბელეს

„დემბელე უნიკალური, განსხვავებული ფეხბურთელია. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა და იმედი მაქვს, ფინალისთვის მზად იქნება. ვფიქრობ, ის ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, უდავოდ. ის იმსახურებს ყველაფრის მოგებას, გუნდისთვის ყველაფერი გაიღო. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტურნირზე ძირითადში პირველად ითამაშა. ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია, უნიკალურია, მატჩებს ცვლის, განსხვავებას ქმნის, მისი ყოლა ფუფუნებაა“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს, ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

0.095354