ფეხბურთი

21:34 | 10.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი: "არჩეული მიმართულება და ამბიციები არ ასახავს იმას, რის გამოც "მილანში" მივედი"

„მილანს“ ტეო ერნანდესი, რომელიც „ალ-ჰილალში“ გადავიდა, ვრცელი მესიჯით დაემშვიდობა. როგორც მან თქვა, ყველაფერი ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული და კლუბის დატოვებაში „როსონერის“ ხელმძღვანელობა დაადანაშაულა.

„კლუბში ექვსი წლის გატარების შემდეგ დამშვიდობების დრო დადგა. „მილანში“ 2019 წელს მივედი ოცნებებით და მოტივირებული, რომ მეტარებინა ეს ისტორიული მაისური. დღეს მივდივარ დაუვიწყარი მომენტების განცდის შემდეგ, როგორიცაა სერია A-ს და იტალიის სუპერთასის მოგება და უპირველეს ყოვლისა, შესანიშნავ ადამიანებთან მუშაობს. გულწრფელი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ყველა მწვრთნელს, ვისაც ჩემი სჯეროდა და განსაკუთრებით პაოლო მალდინის, მისი მხარდაჭერის, ხედვისა და ლიდერობისთვის. მადლობა „როსონერის“ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ, კარგ და ცუდ დროს. თქვენი მხარდაჭერის შეგრძნება პრივილეგია იყო, რომელსაც არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის გულში შევინახავ.

წასვლის გადაწყვეტილება ადვილი არ იყო. ყოველთვის ვიცოდი, სად მინდოდა ვყოფილიყავი და „მილანი“ ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთ ადამიანზე არაა დამოკიდებული. კლუბის მიერ არჩეული მიმართულება და ბოლო დროს მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება არ ასახავს იმ ღირებულებებსა და ამბიციებს, რომლებმაც აქ მომიყვანა. დროა, დავხურო ერთი თავი და დავიწყოთ მეორე - განსხვავებული, მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. მაღლა აწეული თავით მივდივარ, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი ამ კლუბისთვის, სრულად ვიხარჯებოდი და ვიზიარებდი იმავე ოცნებებს, რაც გულშემატკივრებს ჰქონდათ. მივდივარ იმედით, რომ „მილანი“ მალე დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელსაც იმსახურებს. მილანი ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება“, - წერს ტეო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია, ხოლო 45-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. ფრანგმა თითოჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

0.077853