„გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
„გალათასარაიმ“ „ნაპოლის“ ფეხბურთელის გამოსასყიდი 75 მილიონი ევროს გადახდა ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში შესთავაზა, რაც როგორც ჩანს, ნეაპოლელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც სიტუაცია გართულდა.
ოსიმენმა მოითხოვა თურქულ კლუბში გაყიდვა, სადაც გადასვლა სურს, თავის მხრივ, ის „ნაპოლის“ გეგმებში არ შედის, მაგრამ იტალიის მოქმედი ჩემპიონი 75 მილიონს სრულად ითხოვს.
საინტერესოა „გალათასარაის“ პრეზიდენტის, დურსუნ ოზბეკის სიტყვებიც, რომელმაც თქვა, რომ ისინი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რაც კლუბს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის:
„გალათასარაიში“ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობების ფარლგებში მიმდინარეობს. არასდროს განგვიხორციელებია ისეთი ქმედება, რაც კლუბს ფინანსურ სირთულეებში ჩააგდება. ეს ასევე ეხება ოსიმენის შესაძლო ტრანსფერსაც“, - თქვა ოზბეკმა.
"გალათასარაის" წარმომადგენლები რჩებიან მილანში და მოლაპარაკებები გაგრძელდება. "ნაპოლი" საბანკო გარანტიებს ითხოვს, რათა დათანხმდეს თურქულ კლუბს 5 წლის განმავლობაში 75 მილიონის გადახდას.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარით გაატარა „გალათასარაიში“, რომლის მაისურით 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა. „ნაპოლიში“ ნიგერიელი 2020-2024 წლებში თამაშობდა, ხოლო 2023 წელს სკუდეტო და 26 გოლით სერია A-ს ბომბარდირის ტიტულის მოიგო.