ფეხბურთი

0:14 | 11.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "ლიონში" მიქაუტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

ლიგა 1-ში „ლიონის“ ადგილის შენარჩუნების შემდეგ შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის მომავალი შეიცვალოს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Madeingones.ouest-france იტყობინება, „ლიონს“ მაინც მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა, მათ შორის, ყველაზე რეალურია მალიკ ფოფანასა და ლუკას პერის გასხვისება, მაგრამ მიქაუტაძესთან დაკავშირებით მათი გეგმები სხვაგვარია.

ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ „ლიონში“ მიქაუტაძის შენარჩუნება უნდათ, რადგან მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა მას ძირითად შემადგენლობაში განიხილავს. ამ მომენტისთვის „ლიონის“ გადაწყვეტილებაა გიორგის შენარჩუნება, მაგრამ ყველაფერი მაინც მომდევნო კვირებში გაირკვევა. მაგალითად, უცნობია, რას გადაწყვეტს კლუბი, თუ ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რაზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.

მიქაუტაძეს რამდენიმე კლუბის უკავშირებენ, მათ შორის, „გალათასარაის“, „ატალანტას“, „რომას“ და „აინტრახტს“. თუმცა, „რომაში“ მისი გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან იტალიურმა კლუბმა „ბრაიტონიდან“ ევან ფერგიუსონის ტრანსფერზე მიაღწია შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ხოლო 11-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.089271