საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას „მეცში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
წიტაიშვილი „მეცს“ კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ გიორგის უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი გაისად ეწურება, ასე რომ, თავისუფალი აგენტი გახდება. მანამდე ის საფრანგეთში ითამაშებს.
„მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.
გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ესპანურ „გრანადაში“ გაატარა, რომლის მაისურით ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, ესპანურმა კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. 24 წლის გიორგი წიტაიშვილს აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია: „გრანადაში“, „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, კრაკოვის „ვისლაში“, „ჩერნომორეცში“, „ვორსკლასა“ და „დინამო კიევში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.