UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც გულშემატკივრებს, ისე ორგანიზაციას სურს ამ სუპერბრძოლის გამართვა, თუმცა ყველაფერს მახაჩევისა და მადალენას დაპირისპირება გადაწყვეტს.
"როგორც გულშემატკივრებს, ისე ორგანიზაციას სურს ილიასა და მახაჩევის სუპერბრძოლის გამართვა, თუმცა ყველაფერს ისლამისა და მადალენას დაპირისპირება გადაწყვეტს. თუ მან მოახერხა ჯეკის დამარცხება, დიდია შანსი ეს სუპერდაპირისპირება ვიხილოთ. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ეს უბრალოდ ვარიანტებია და არასდროს ვიცით, რა მოხდება.
ილია თოფურია დაუჯერებელი მებრძოლია, ის რასაც ამბობს, ყოველ ჯერზე ასრულებს. მან თქვა, რომ ჩარლზს პირველ რაუნდში გათიშავდა და ასეც მოხდა. ეს ყველაფერი გასაოცარია", - განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც უახლოეს მომავალში ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. ბრძოლა ჯერჯერობით ოფიციალურად ჩანიშნული არ არის, თუმცა მებრძოლებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ქართველმა 28 ივნისს ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. "ელ მატადორი" გახდა მე-10 მებრძოლი, ვინც ორი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვება მოახერხა.