უიმბლდონზე ვაჟებს შორის ფინალისტები გაირკვა. 13 ივლისს, ტიტულისთვის იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი შეხვდებიან.
სინერმა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვჩს ორ საათზე ნაკლებ დროში ადვილად სძლია - 3:0. იტალიელმა აჯობა 39 წლის სერბს და 6:3, 6:3, 6:4 გაიმარჯვა. მესამე სეტში „ნოლე“ 3:0 დაწინაურდა, თითქოს, ახერხებდა თამაშში დაბრუნებას, მაგრამ შემდეგ მიჯრით ხუთი გეიმი დათმო, რაც სეტის და მატჩის წაგებად დაუჯდა. რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი უიმბლდონის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა და ახლა უკვე, ოთხივე დიდი სლემის ფინალშია გასული.
კარლოს ალკარასმა ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე აჯობა. ესპანელმა ოთხ სეტში გაიმარჯვა. პირველი სეტი ალკარასმა 6:4 მოიგო, რასაც მეტოქემ მეორე სეტში უპასუხა (7:5), მაგრამ კარლოსმა შემდეგ მაინც მოახერხა სადავეების დაბრუნება და მესამე-მეოთხე სეტები შესაბამისად, 7:3, 7:6 მოიგო. ეს იყო ალკარასის ზედიზედ 24-ე გამარჯვება და ახლა ფინალში ეცდება წარმატებით თამაშს.
ამრიგად, 13 ივლისს, 19:00 საათზე იანიკ სინერი კარლოს ალკარასის წინააღმდეგ. იტალიელი ესპანელთან ერთი თვის წინ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში დრამატული მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.