ფეხბურთი

0:06 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

Bild: ლოჩოშვილი კლოზეს და "ნიურნბერგის" მოთხოვნებს ყველა ასპექტით იდეალურად ერგება

ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი „ნიურნბერგში“ ლუკა ლოჩოშვილის მოსალოდნელ ტრანსფერს სტატიით გამოეხმაურა.

როგორც წერილშია აღნიშნული, ლოჩოშვილი „ნიურნბერგისა“ და მისი მთავარი მწვრთნელის, მიროსლავ კლოზეს მოთხოვნებს იდეალურად ერგება. ასევე წერია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის ყოფილ თანაგუნდელ კლოზეს ლუკა დადებითად დაუხასიათა:

„როგორც სპორტული თვალსაზრისით (ევრო 2024-ზე ოთხი თამაში), ასევე პირადი თვალსაზრისით, ლოჩოშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და იტალიურ ენებზე, იდეალურად ჯდება მიროსლავ კლოზეს პროფილში. ყველა ფეხბურთის გულშემატკივარმა, არა მხოლოდ ავსტრიაში, იცის, რომ ქართველს პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია.

2022 წლის 27 თებერვალს, „ნიურნბერგის“ ახალმა ფეხბურთელმა მეტოქის, ჯორჯ ტაიგლის სიცოცხლე გადაარჩინა. „აუსტრიას“ და „ვოლფსბერგერს“ შორის მატჩის ბოლო წუთებზე ტაიგლს მუხლი თავის არეში მოხვდა. „აუსტრიას“ ფეხბურთელმა მაშინვე გონება დაკარგა. „ვოლფსბერგერის“ მცველმა ლოჩოშვილმა სწრაფად მოახდინა რეაგირება, ენა დაიჭირა და სიცოცხლე გადაარჩინა. შეჯახების შედეგად „აუსტრიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავის ქალას, ყვრიმალის ძვლის და ყბის მოტეხილობა მიიღო. ტრავმის გამო ტაიგლი სულ 161 დღე ვერ თამაშობდა.


სიცოცხლის გადარჩენიდან ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, ლოჩოშვილი ფიფას სამართლიანი თამაშის ჯილდოთი დაჯილდოვდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ შევძელით მისი სიცოცხლის გადარჩენა“.

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასევე გულთბილად ურჩია თავისი პროტეჟე ყოფილ თანაგუნდელ კლოზეს. ცენტრალური მცველის რანგში, ძლიერი და მებრძოლი ლოჩოშვილი, როგორც ჩანს, იდეალურად ჯდება „ნიურნბერგის“ მოთხოვნებში, როგორც სპორტული, ასევე შესაძლებლობების თვალსაზრისით“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს "დინამო თბილისში", "ჟილინასა" და "ვოლფსბგერშიც" აქვს ნათამაშები.

„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია, რომელსაც ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა. "ნიურნბერგს" ლეგენდარული ფეხბურთელი, მიროსლავ კლოზე წვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088992
სარეკლამო ადგილი - 99
X x X