ცოტა ხნის წინათ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მათი ეროვნული პირველობის მომდევნო სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში გადაბარგებამ იტალიის სერია A-ს ქართველი ქომაგები გვარიანად შეუმცირა, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც იტალიურ გუნდებს ჩვენებური ვარსკვლავის „ნაპოლიში“ გარჯამდე ქომაგობდნენ, ცხადია, ძველებური ინტერესითა და აზარტით ელიან 2025-26 წლის სეზონს, რომელიც წესით, საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა გამოდგეს.
მოქმედი ჩემპიონის, „ნაპოლისა“ და მისი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ღირსეულობა ეჭვს არ ტოვებს, მაგრამ რთულია იპოვოთ ადამიანი რომელსაც სჯერა, რომ „ნაპოლი“ მომავალ სეზონშიც გაიმეორებს წინა სეზონის შედეგს, რადგან მისი თითქმის ყველა მეტოქე გაძლიერებული და ტიტულს დანატრებულია. „სამხრეთულ ვირს“ კი (როგორც იცით სწორედ ვირია „ნაპოლის“ სიმბოლო), რაც არ უნდა დიდი ღონე და ამტანობა გააჩნდეს, ამდენი აფთარივით ჩასაფრებული მეტოქის გარემოცვაში საეჭვოა კიდევ გამოუვიდეს ის, რაც კონტემ და კამპანიამ 2024/25 წლებში მოახერხეს.
მომავალ სერია A-ში, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ ინტერესს „რომა“ იმსახურებს, რომელმაც მოახერხა და გადაიბირა ბევრი ექსპერტის შეფასებით ბოლო წლების საუკეთესო იტალიელი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი, რომელმაც ბერგამოს „ატალანტაში“ მართლაც რომ სასწაულები მოახდინა და ახლა დედაქალაქში ეცდება იგივეს გაკეთებას. „რომას“ ამერიკელი მეპატრონეები „მგლების“ ქომაგთა მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიან იმის გამო, რომ მაინცდამაინც არ უყვართ „ჯიბეში ხელის ჩაყოფა“ და კარგი მწვრთნელების თუ ფეხბურთელების შეძენას სხვები ასწრებენ ხლმე. ახლა კი, როდესაც სენიორ გასპერინის წითელ-ყვითელი „ტოგა“ მოსავს და სულეს, დოვბიკს, ელ შაარავის და დიბალას, ჩელიკი, მანჩინი და სვილარი მიეხმარებიან, ქომაგები მთლად უიმედოდ არ უნდა იყვნენ.
„იუვენტუსი“ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს და განვლილ სეზონებში როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს გამოვლილი, მაინც „იუვენტუსია“ და ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ზებრები“ აუცილებლდ იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. ნიკო გონსალესი, დუგლას ლუისი, ილდიზი, კოლო მუანი, ბრემერი, გატი და სხვანი იმ კლასის ფეხბურთელები არიან, როგორიც „იუვეს“ ბევრ კონკურენტს არათუ არ ჰყავს, ალბათ არც კი დაესიზმრება და პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ იგორ ტუდორის გუნდი ჩემპიონობის მაძიებელთა შორის ერთ-ერთი უპირველესი იქნება.
რაკი „ინტერნაციონალეს“ ყოფილმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ფეხი დაჰკრა და ცხელ არაბეთს მიაშურა მსუყე ანაზღაურების იმედად, „ინტერის“ წლევანდელ საჩემპიონო შანსებს ბევრი არც ისე დიდად მიიჩნევს, რაც პრინციპში გასაგებია. სიმონე ინძაგი იყო მილანელთა ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ თამაში და მოპოვებული სკუდეტოები თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ფეხბურთი კი ისეთი უცნაურობებით სავსე ფენომენია, რომ შესაძლებელია გუნდმა კრისტიან კივუს ხელმძღვანელობითაც კი მიაღწიოს რაიმეს, რისიც პირადად მე არ მჯერა, მაგრამ ვინ იცის?...
მეორე მილანულ კლუბში მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებამ იმედებთან ერთად კითხვებიც გააჩინა. რატომ არ წავიდა გუნდიდან ლეაო, რომლის წასვლაზე უკვე ყველა საუბრობდა? იმის გათვალისწინებით რომ უკანასკნელ სეზოში პორტუგალიელი საკუთარი თავის აჩრდილიღა იყო დარჩენილი. თუმცა, მე ძალიან მომწონს მექსიკელი ხიმენესი და ნიგერიელი ჩუკუეზეც კარგი ფეხბურთელი მგონია. ამერიკელი პულისიჩიც არ არის ცუდი მოთამაშე და ვისაც იტალიის ჩემპიონატი გვიყვარს და გვაინტერესებს, ნამდვილად არ გვეწყინება „მილანი“ მთელი თავისი დიდებულებით თუ დაბრუნდება. მხოლოდ წარსულით ცხოვრება არც ადამიანებისგანაა კარგი და არც საფეხბურთო კლუბს უხდება.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა რომის „ლაციოზე“, რომელიც ბოლო წლების ყველაზე უცნაური და გამოუცნობი იტალიური გუნდია. ის კია, რომ გუნდში დაბრუნებული მაურიციო სარი უდავოდ ნიჭიერი წვრთნელია და მუდამ შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.
სიურპრიზები ფლორენციის „ფიორენტინასაც“ კარგად გამოსდის, მაგრამ მასზე პროგნოზების კეთება და მითუმეტეს ფსონის დადება ისეთივე რთულია, როგორც იმის გარკვევა, ბოლოს და ბოლოს მოიზე კინი დარჩება თუ არა ფლორენციაში და თუ დარჩება, რომელ თამაშში ირბენს და რომელში იდგება საბჭოთა კავშირის დროინდელი საგზაო მილიციელივით დოინჯშემოყრილი.