საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან მოტივირებულია და მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას.
„მოხარული ვარ, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის წევრი ვარ, როგორიც „ნიურნბერგია“. მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს. მოტივაციითა და მონდომებით ვარ სავსე და მინდა, ახალგაზრდა გუნდში პასუხისმგებლობა ავიღო“, - თქვა ლუკამ.
გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იოტი ჩაციალექსიუმაც გააკეთა კომენტარი: „მოხარულები ვართ, რომ ლუკამ ჩვენი გზა აირჩია. თავისი გამოცდილებით, საფეხბურთო თვისებებითა და ფიზიკური აღნაგობით, ის ჩვენი გუნდისთვის დიდი რესურსია. ის თავისი მენტალიტეტით როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, გუნდს ლიდერობას გაუწევს“.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს "დინამო თბილისში", "ჟილინასა" და "ვოლფსბგერშიც" აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში ლუკას აქტივში 23 მატჩი და 2 გოლია.
„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია და გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, მაგრამ ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა. "ნიურნბერგს" ლეგენდარული ფეხბურთელი, მიროსლავ კლოზე წვრთნის. გერმანული გუნდი სეზონს 2 აგვისტოს, "ელვერსბერგთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, რომელსაც II ბუნდესლიგის პირველ ტურში შეხვდება.