„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ბრაზილიელმა მცველმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგად ესმით ამ ტურნირის მოგების მნიშვნელობა, რადგან ეს შანსი შეიძლება ვეღარ მიიღონ.
ფინალი
„ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. არ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი დასრულდა, რადგან მოვიგეთ და კარგად ვითამაშეთ, არამედ შემდეგ მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მზად ვართ ამ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. იმას გავაკეთებთ, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. მოწინააღმდეგის მიუხედავად, ჩვენი ფილოსოფია გვაქვს. თუმცა, მეტოქეს პატივს ვცემთ, განსაკუთრებით ფინალში, სადაც შანსი 50-50-ზეა. გვსურს ამ ტიტულის მოგება, ეს არის ჩვენი მენტალიტეტი“.
ტიტულის მოგების მნიშვნელობა
„ვფიქრობ, გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. ეს ჩვენთვის ოქროს შესაძლებლობაა. ეს შეჯიბრი მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და გვაქვს მისი მოგების შესაძლებლობა. პირველივე დღიდან მწვრთნელმა გვითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რომ გარდაუვლად არიან მოთამაშეები, რომლებსაც აღარ ექნებათ შანსი, კვლავ ითამაშონ. ძალიან ვისიამოვნეთ ამ შეჯიბრში თამაშით და გვქონდა შანსი, რომ ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავებული მეტოქეების წინააღმდეგ გვეთამაშა. ეს თასი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მისი მოგებით იდეალური სეზონი იქნებოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ“.
გამოცდილება
„შესანიშნავი იყო ამ ტურნირზე თამაში. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მწვრთნელმა ასევე მოგვცა თავისუფლება, შესაძლებლობა, გვენახა ჩვენი ოჯახები და ერთად გვეხალისა, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით შეჯიბრზე“.
გუნდი
„ჩემთვის პატივი და სიამაყის წყაროა ამ გუნდის ნაწილად ყოფნა. ცენტრალური მცველის პოზიციიდან ნათლად ვხედავ, როგორ ვთამაშობთ ერთად. გვესმის, რას ითხოვს მწვრთნელი ჩვენგან, მისი სათამაშო ფილოსოფია. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ამ დონეს. გარკვეული დრო დასჭირდა მის ჩამოყალიბებას, მაგრამ თამაშის დონე ამჟამად ძალიან მაღალია. გუნდი ფსიქოლოგიურადაც მზადაა. ნამდვილად დიდი პატივია ამის ნაწილი ვიყო“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მატჩი 13 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება. პსჟ-ს შანსი აქვს, სეზონი ხუთი ტიტულით დაასრულოს.