ფეხბურთი

14:35 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ვცდილობთ, შოუ მოვაწყოთ და ეს ფეხბურთელების ხარისხითაა შესაძლებელი"
"ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ მას გუნდში ერთი ვარსკვლავი არ სჭირდება, არამედ, 15 ვარსკვლავი და ამჟამად, პსჟ-ში ვარსკვლავი გუნდია. ასევე ისაუბრა ფინალის მნიშვნელობაზე და ისტორიული სეზონის საუკეთესო დასასრულზე.

ფინალამდე განწყობა

„სეზონის ბოლო თამაშის სათამაშოდ ძალიან კარგი განწყობით ვართ. ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კლუბისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ისტორიული სეზონი ისედაც გვქონდა, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ფინალში გამარჯვებით კიდევ უფრო დიდებული გავხადოთ“.

ამერიკული თავგადასავალი

„ეს სენსაციური იყო. პსჟ-ში ისტორია შევქმენით და გვსურს, რომ ხვალინდელი მატჩის მოგებით გავაგრძელოთ ისტორიის წერა. მთელი სეზონის ანალიზი რომ მომიწიოს, ვფიქრობ, რომ ის არაჩვეულებრივი იყო“.

ფაბიან რუისის პროგრესი

„ფაბიანი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ორი წლის წინ პრობლემები ჰქონდა. თუმცა, ახლა ის უნაკლო მოთამაშეა და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე“.

ლუის ენრიკე, როგორც მთავარი ვარსკვლავი

„არ ვიცი. ვარსკვლავი, აბსოლუტურად არ ვარ. ფეხბურთელობისას არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ მწვრთნელობისას. ვარსკვლავი არ ვარ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს. როდესაც საქმეები კარგად არ მიდის, თავს უკეთ ვგრძნობ. კომპლიმენტებს კრიტიკა მირჩევნია, რადგან კრიტიკა თავმდაბლობას განიჭებთ. ყველაფერი კარგად მიდის ჩვენი შრომის წყალობით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვისიამოვნოთ. მწვრთნელი კარგია თუ არა, შედეგების მიხედვით ფასდება, ასეთი წესებია. კრიტიკის პრობლემა არ მაქვს. კრიტიკა უფრო მეტად მაძლევს მოტივაციას, ვიდრე ქება. ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონი? შესაძლოა, მაგრამ ხვალ გამარჯვება გვჭირდება, რომ მაღალ ნოტაზე დავასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, 100%-ით დავიხარჯოთ და ვნახოთ, რას შევძლებთ“.


მეტოქე ფინალში - „ჩელსი“

„ეს მატჩი ფორმალობა არ იქნება. რა თქმა უნდა, არა. მე გავაანალიზე „ჩელსი“ - კარგად განვითარებადი გუნდია და შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. მათი მწვრთნელი, ენცო მარესკა, ძალიან კარგად მუშაობს. მას მოსწონს ტექნიკური მოთამაშეების ყოლა. მომწონს მათი დაცვა, პრესინგის სტილი და შეტევა. რთული მანევრირებადი გუნდია, ჩვენის მსგავსად. ჩვენ გვაქვს მსგავსება. ეს იქნება დაძაბული მატჩი, რადგან ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ძალიან სრულყოფილი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგა მოიგო. ადვილი არ იქნება. ჩვენ 100%-ს გავიღებთ და ვეცდებით, ეს სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ“.

უკეთესი პსჟ, ვიდრე, როცა ვარსკვლავები ჰყავდა

„გუნდში 11 ვარსკვლავია. ერთი ვარსკვლავი არ გვინდა, 11 გვინდა. მე ვიტყოდი, რომ 13, 14, 15-იც კი. ეს არის ვალდებულება, რომელიც პრეზიდენტთან და სპორტულ მენეჯმენტთან ავიღეთ. გვინდოდა, რომ ვარსკვლავი ყოფილიყო გუნდი და ჩვენი გულშემატკივრები მასთან იდენტიფიცირებულიყვნენ. მთელი „პარკ დე პრენსი“ ვარსკვლავია. გარკვეულ მომენტში წავაგებთ, მაგრამ გზა ნათელია: გვინდა ვარსკვლავები, თუმცა ვარსკვლავები, რომლებიც გუნდს ემსახურებიან“.

ტოტალური ფეხბურთი პსჟ-სგან

„ყველაზე კარგი ქება, რაც კი მომისმენია, კოლეგისგან, მოთამაშისგან ან მწვრთნელისგან მოდის, რომლებსაც გუნდის თამაშის ყურება სიამოვნებთ. ვცდილობთ, შოუ მოვაწყოთ და ეს ფეხბურთელების ხარისხითაა შესაძლებელი. მინდა, გულშემატკივრებს მიმზიდველი ფეხბურთი შევთავაზო. თუ წარმატებას მივაღწევ, კმაყოფილი ვარ. ვეცდებით, სხვა მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგოთ და ახალი თავი დავიწყოთ. თუმცა, ახლა, სანამ დავისვენებთ, ამ ფინალს მოუთმენლად ველით“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მატჩი 13 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება. პსჟ-ს შანსი აქვს, სეზონი ხუთი ტიტულით დაასრულოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08944