ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ-სთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ტაქტიკურად, არ მჯერა მატჩების დროს ჭადრაკის სვლების, მაგრამ მწვრთნელმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა მეორე რეაგირებს. ძალიან მიყვარს ჭადრაკი და ბევრ მსგავსებას ვხედავ ჭადრაკსა და ფეხბურთს შორის.
ჩემთვის და ფეხბურთის ბევრი ქომაგისთვის პსჟ და მისი მწვრთნელი საორიენტაციო ნიშნულია. ვფიქრობ, წარმოუდგენელი გუნდი ჰყავთ და ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლასთან ერთად ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის გუნდი, რომელსაც საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი სტილი და უკვე ვაჩვენეთ, როგორ გვინდა თამაში.
ჟოაო პედრო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მასთან კონტრაქტი იმიტომ გავაფორმეთ, რომ ვფიქრობთ, ის დაგვეხმარება გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაბალი დაცვით თამაშობენ. ვიწრო სივრცეებში შესანიშნავი კლასის მოთამაშეა. ფინალამდე 48 საათი გვაქვს, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ვნახოთ, ითამაშებს თუ არა.
პსჟ-ს თამაშის ყურება მეც მსიამოვნებს, ყველას ვეთანხმები ვინც ამბობს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, რაც დაამტკიცა, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალის მოსაგებად ვიბრძოლოთ. ცხადია, ლუის ენრიკეს წინააღმდეგ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვეცდებით თამაშით ვისიამოვნოთ“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ მატჩი 13 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება. პსჟ-ს შანსი აქვს, სეზონი ხუთი ტიტულით დაასრულოს.