ლისაბონის „სპორტინგი“ „სენტ ეტიენისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირებით ინტერესდება. ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.
Sporting zone-ს ინფორმაციით, „სპორტინგს“ ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ კლუბებს შორის კონატაქტი შედგა. ფრანგები ზურიკოს 15 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა, „სპორტინგი“ აპირებს გარიგებაში ჩიკო ლამბა ჩართოს.
ლამბა „სენტ ეტიენს“ „აროუკადან“ შეუერთდა, მაგრამ ტრანსფერის ნახევარი, დაახლოებით 3-4 მილიონი ევრო „სპორტინგს“ ეკუთვნის. პორტუგალიელები მზად არიან ამ თანხაზე უარი თქვან, თუ „სენტ ეტიენი“ დავითაშვილის ფასს შეამცირებს.
მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველი შემტევი აქამდე არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მეტწილად, საფრანგეთში, მაგრამ ასევე, სტამბოლის „ბეშიქთაშს“. თუმცა, ჯერ „მწვანეების“ განკარგულებაში რჩება, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. „სპორტინგში“ ქართველი უკვე ირიცხება - გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ლისაბონელებმა მიმდინარე ზაფხულს დაიმატეს.