იანიკ სინერი უიმბლდონის გამარჯვებულია. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 4:6, 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.
სინერმა აშკარად აჯობა ესპანელ მეტოქეს, რომელთანაც ამ ფინალამდე ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული, მათ შორის, ერთი თვის წინ როლან გაროსის ფინალი დრამატულად.
პირველ სეტში ალკარასმა ორი ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სინერი აბსოლუტური დომინანტი იყო თავის ჩაწოდებაზე, რომელიც აღარ წაუგია, სანაცვლოდ, მომდევნო სამ სეტში, თითოეულში, თითო ბრეიკი შეასრულა და ეს მოსაგებად ეყო. სინერმა გამარჯვება დაიმსახურა და დაამტკიცა, რატომაცაა რეიტინგის ლიდერი.
სინერს ჰქონდა 8 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა, 40 ვინერსი და 40 უნებლიე შეცდომა, ხოლო ალკარასს 15 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა, 68 ვინერსი და 36 უნებლიე შეცდომა.
იანიკ სინერმა კარიერაში მეოცე ტიტული მოიგო, მეოთხე დიდი სლემის: ორჯერ ავსტრალიის, ერთხელ ამერიკის ღია პირველობა და ერთხელაც უიმბლდონი. ახლა მას, მხოლოდ როლან გაროსი აკლია. ის პირველი იტალიელია, ვინც უიმბლდონი მოიგო. ბოლო 30 წელიწადში როჯერ ფედერერის, რაფა ნადალის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარის შემდეგ მეხუთე ჩოგბურთელია, რომელიც ოთხივე დიდი სლემის ფინალში ნამყოფია.
კარლოს ალკარასმა კი, 24-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და უიმბლდონზე ზედიზედ ორი ტრიუმფის შემდეგ, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა.
იანიკ სინერი - კარლოს ალკარასი 3:1 (4:6, 6:4, 6:4, 6:4)